logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დიდი რაოდენობით შემოსული ამანათების გატარებისა და ადრესატამდე დროულად მიწოდების პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება"

გააქტიურებული ელექტრონული კომერციისა და შესაბამისად, მზარდი ამანათების ფონზე, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი მთავარ გამოწვევად ისევ არასაკმარის ინფრასტრუქტურას ასახელებს. კომპანიები ტვირთების დროულად გატარებისა და ადრესატამდე მოკლე ვადებში მისვლის საკითხზე, ბოლო წლებია, აქტიურად საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სასაწყობე ინფრასტრუქტურა მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი კაპანაძემ - Inex Group-ის დირექტორმა განუცხადა, საქართველოში არა მხოლოდ ახალი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტია, არამედ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადამიანური რესურსიც - მათ შორის მებაჟეების და კურიერების სიმცირე, რაც საბოლოო ჯამში, ქმნის იმ რეალობას, რომელიც დღეს საფოსტო და საკურიერო ბიზნესშია. ანუ, არის შემთხვევები, როდესაც ამანათების მიწოდება ადრესატებისთვის გვიანდება.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ქართულ ბაზარზე, პირდაპირი გზით, ონლაინ ვაჭრობის ჩინური პლატფორმები შემოვიდნენ და მოზღვავებული რაოდენობის ამანათებს საქართველოს საფოსტო ბიზნესი მომზადებული ვერ შეხვდა. სწორედ ამ გამოწვევის გადასაჭრელად, ჩვენი ინვესტიციით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტერმინალი აშენდა, რომელიც სწორედ Inex Group-ს ეკუთვნის და მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს“, - განმარტა გიორგი კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი ტერმინალი არა მხოლოდ Inex Group-ს ამანათებს, არამედ სხვა კომპანიების ტვირთებსაც მოემსახურება.

„ვფიქრობთ, ამ ტერმინალის ამუშავების შემდეგ, საქართველოში მოზღვავებული რაოდენობით შემოსული ამანათების გატარებისა და ადრესატამდე დროულად მიწოდების პრობლემა, ნაწილობრივ გადაიჭრება“, - დასძინა Inex Group-ის დირექტორმა.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითისთვის, გასულ 2024 წელს საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვმა 13 მილიონს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი იყო.

გამოგვყევით