კომპანია არემჯის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს გაცნობით და სამუშაო შეხვედრებში. ასევე ქართულმა მხარემ მოინახულა ერცბერგის მოქმედი საბადო და გამამდიდრებელი ქარხანა.
არემჯის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძე, წარმოების დირექტორის მოადგილეები არჩილ ჯაყელი და რევაზ ლობჯანიძე, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხეცურიანი.
ვიზიტის მიზანი იყო კერძო სექტორს და ორი ქვეყნის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარებაზე მსჯელობა და სამთო-გეოლოგიური მიმართულებით, ქართველი სპეციალისტების გადამზადების შესაძლებლობებზე მოლაპარაკებების წარმოება.
„არემჯის და ლეობენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, როდესაც სამუშაო ვიზიტით პირველად ვიყავით ავსტრიაში. მეორე ვიზიტი კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა და უკან არაერთი კონკრეტული შედეგით დავბრუნდით.
შევთანხმდით, რომ არემჯის მხარდაჭერით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნება ქართულ–ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი და სტუდენტური სივრცე. ასევე მომავალი სემესტრიდან ლეობენის უნივერსიტეტი მზად არის გაცვლით პროგრამის ფარგლებში მიიღოს სტუ-ის 20-მდე სტუდენტი და დააფინანსოს მათი სწავლა.
აქვე შედგა მოლაპარაკება, რომ ლეობენის უნივერსიტეტში გადამზადების მიზნით გავაგზავნით ჩვენს თანამშრომლებსაც, რაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება მოქმედი სპეციალისტებისთვის, აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ერცბერგის საბადოს მონახულება, სადაც ჩვენი წარმოების გუნდთან ერთად გავეცანით კომპანიის სამუშაო პროცესს, მათ პროექტებს ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების კუთხით და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელმაც თავის დროზე არემჯიში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ბიძგი მოგვცა.“- განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.
ლეობენის უნივერსიტეტში სტუმრები 4 მთავარი სამთო მიმართულების (სამთო ინჟინერიისა და მინერალური ეკონომიკის, მინერალური რესურსების ინჟინერიის, მინერალოგიისა და პეტროლოგიისა და ენერგეტიკული გეომეცნიერებების) ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათთან ერთად არსებული კვლევითი პროექტების, უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში არსებული ინოვაციური მიდგომებისა და სამომავლოდ ამ სიახლეების ქართულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლეობენის უნივერსიტეტსა და სტუ-ის შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაწყების შესაძლებლობები, განსაკუთრებით მდგრადი ენერგეტიკისა და გეოტექნიკის სფეროში.
ვიზიტის მეორე დღე მიეძღვნა ავსტრიის ყველაზე მასშტაბური ღია კარიერულ საბადოს – ერცბერგის გაცნობას. საბადოს მონახულება მოიცავდა წარმოების ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების გაცნობას და პრაქტიკული პროცესების უშუალო შეფასებას. ვიზიტი დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, სადაც განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზები ქართულ სამთო-გეოლოგიურ განათლებაში.