logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

1771912320

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის - ავჭალა–აეროპორტის, 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი მოიცავს ორი მონაკვეთის მშენებლობას: ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიან და გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიან მონაკვეთებს.

პროექტის მიხედვით, გზა იქნება 4-ზოლიანი, 4 სატრანსპორტო კვანძით, 16 ხიდით და 4 პარალელური გვირაბით. მონაკვეთი იწყება ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ, გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და სრულდება დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე.

თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს, ხოლო მისი მშენებლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგზაო ინიციატივას ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში. პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.

თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.

თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის (ავჭალა–აეროპორტის) მშენებლობის ტენდერით დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932 023 564 ლარია.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

გამოგვყევით