logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს - "ქულბაქის მწვანე ტბა"

აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია დარგის განვითარებას და ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ "ქულბაქის მწვანე ტბის" დამფუძნებელმა კახა გასვიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ დარგში საქართველო იმ დონეზე განვითარებული არ არის, როგორც მეზობელი ქვეყნები.

"აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად საჭიროა. ცოდნა გვაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ჩვენს ზოგიერთ რეგიონში თევზის დაავადებების გავრცელების ძალიან დიდი რისკია. შესაბამისად, ფერმერთა გადამზადება ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და უფრო ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. ტრენინგები, აზრთა გაცვლა და გადამზადება, რა თქმა უნდა, გაზრდის თევზის წარმოებასაც. დღეს საქართველოში ერთ წყალზე შეიძლება რამდენიმე საკალმახე იყოს, რაც დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება თუ ამ დარგს ხელშეწყობა ექნება. რაც შეეხება თევზის ფასს - წელს ერთი კილოგრამი კალმახი 12 ლარი ღირს, რაც დაბალია. სწორედ ამიტომ, თუ თევზის ხარისხი გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ფასიც გაიზრდება", - აცხადებს კახა გასვიანი.

ცნობისთვის, საქართველოში თევზის წარმოების გახუთმაგებას ელიან. ამ მიზნის მისაღწევად, მალე, აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდება, რომლითაც ქვეყანა ამ დარგის ტრანსფორმაციას შეძლებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ FAO Georgia-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა, აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია, სავარაუდოდ ზაფხულის ბოლომდე დამტკიცდება.

ფერმერთა გადამზადება, ხარისხობრივად უკეთესი პროდუქტის წარმოება, მარკეტინგულად ბაზრების დივერსიფიცირება - ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომლის მისაღწევადაც სტრატეგია შემუშავდა. დოკუმენტში გაწერილია, რომ მომდევნო 5 წელში საქართველოს შიდა წყლებში, თევზის წარმოება უნდა გახუთმაგდეს. 

გამოგვყევით