ჩვენ ამერიკელებთან შეხვედრა გვქონდა და საქართველოსთან მიმართებით პესიმისტურად განწყობილები არ არიან. მათი განსაკუთრებული იმედგაცრუება არის ის, რომ ევროპული ღვინო გაუძვირდათ, - ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა "ბიზნესპარტნიორთან" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ახალი ტარიფების და აღნიშნულის გავლენის შეფასებისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველია, საქართველოს მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფის დაწესება როგორ იმოქმედებს, მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
"ისეთი სიტუაციაა ევროპას თავისი ღვინოც ოხრად რჩება და ქართულ ღვინოს მეტად გაუჭირდება, რაც უფრო დიდი გამოწვევა მგონია. ევროპას აშშ-ში ღვინის ექსპორტზე 20%-იანი ტარიფი ხელს შეუშლის. თუ აშშ-ში ევროპული ღვინის გაყიდვები შემცირდა, თავიანთ ლოკალურ ბაზრებზე დემპინგიც შეიძლება დაიწყოს და ფასებიც შემცირდეს. ასეთ დროს საქართველოს ევროპულ ბაზარზე ძალიან გაუჭირდება.
ჩვენ ცოტა ხნის წინ ამერიკაში ექსპორტი დავიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ღვინის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს გაცილებით დიდი ტარიფი დაუწესდათ - ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოზე დიდ გავლენას არ მოახდენს. როგორც ვიცი საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს 20%-იანი ტარიფი დაუწესდათ. კონკურენტუნარიანობაში ცოტა გაუჭირდებათ, მაგრამ მოთხოვნა და ცნობადობა ამ ქვეყნების ღვინოების მიმართ იმდენად მაღალია, რომ მათი გაყიდვები გაგრძელდება და მოთხოვნა საგრძნობლად არ შემცირდება.
განსაკუთრებით შესასწავლია ჩილეს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების შემთხვევაში რა ხდება - თუ აქაც მაღალი ტარიფებია, რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოზე არ აისახება. მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანას ტარიფი არ შეეხო, ან მათ ღვინოს ცნობადობა ბევრად მაღალი აქვს - შესაძლებელია, რომ ამერიკის მხრიდან მოთხოვნა სწორედ ასეთი ქვეყნის ღვინოზე გაიზარდოს. თუ ყველას თანაბრად შეეხო და ზოგს უფრო მეტად, მაშინ საქართველო არ დაიჩაგრება და თუ არსებობს ღვინის მწარმოებელი რომელიმე ქვეყანა, რომლებსაც ეს ტარიფი არ შეხებია, მაშინ ამერიკელი იმპორტიორების მხრიდან მოთხოვნა იმ ქვეყნის ღვინოზე გაიზრდება.
აშშ ქართული ღვინისთვის წამყვანი საექსპორტო ბაზარი არ არის და არ გადის ის რაოდენობა, რომ დაწესებულმა ტარიფებმა დიდი გავლენა მოახდინოს, თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს. როდესაც იმპორტიორებს გაუძვირდება ფასი - ალტერნატივებზე ფიქრს, ან რაოდენობების შემცირებას დაიწყებენ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოთხოვნის ზრდაზე. მაგალითად თუ ტენდენცია იყო, რომ ყოველწლიურად რაღაც %-იანი ზრდა გვქონდა, შესაძლებელია ეს პროცენტი შემცირდეს", - აცხადებს ზაზა ასათიანი.
შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.
რაც შეეხება ამერიკის ტარიფებს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.