რესტორნების და საცხობების ქსელი "ანტრე", მიმდინარე წელს, თბილისსა და ლონდონში ახალი ფილიალების დამატებას გეგმავს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ლიკა მიქაუტაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, დედაქალაქში, ლაღიძის 4 ნომერში ეს რიგით მეთექვსმეტე, ხოლო ლონდონში - მეხუთე ობიექტი იქნება.
რაც შეეხება ფილიალების გახსნის ინვესტიციას - ლიკა მიქაუტაძის ცნობით, თბილისში 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ლონდონში კი 250 000 ფუნტის.
"ჩვენ არ ვმუშაობთ ფრენჩაიზის ფორმატით, ყველა ქალაქში, სადაც მივდივართ მხოლოდ ჩვენი საკუთარი რესურსით ვიწყებთ მუშაობას", - აღნიშნა ლიკა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, რესტორნების და საცხობების ქსელი "ანტრე" სამ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კერძოდ, კომპანიას ამ ეტაპზე 15 ფილიალი აქვს საქართველოში, 8 - აზერბაიჯანში, ხოლო 4 - ლონდონში.