logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დავით ონოფრიშვილი: სადაზღვევო სექტორის საშუალო ზრდა 18%-მდეა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელში სადაზღვევო სექტორის მიერ  მოზიდული პრემია გაორმაგდა, საშუალო ზრდა  კი 18%-მდეა.

“მე უკვე ხელთ მაქვს სადაზღვევო სექტორის  5 თვის მონაცემები, სადაც ჩანს რომ  სექტორში 17-18%-იანი ზრდა შენარჩუნებულია.  რაც შეეხება სადაზღვევო პოლისების ფასებს -  მინდა განვმარტო, რომ  როცა იზრდება პოლისის ღირებულება,  ეს მეტწილად  ჯანდაცვის და სხვა ტიპის მომსახურების ზრდის გამო ხდება. როცა მომსახურება ძვირდება,  ცხადია სადაზღვევო სექტორიც იძულებულია გაზარდოს პრემია. ჯანდაცვის სფერო მთლიანი მოზიდული პრემიის 42%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ბაზარზე  მესამე პირის ავტოდაზღვევა უნდა შემოვიდეს, რომელიც  ბაზრის მინიმუმ 20%-ს დაიჭერს,”-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

მისივე თქმით,  უწყებაში იმედოვნებენ, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის ბოლო ვარიანტის განხილვას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

“ბოლო და საკმაოდ კარგი ვარიანტი ჩვენს მიერ დამუშავებული, ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, მოწონებულია და ველოდებით რომ უახლოეს პერიოდში ის უკვე  გადავა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის  ამოქმედება, რადგან, ავარიის დროს მოქალაქე, რომელიც არაფერ შუაში არ არის, ავტომობილს აღადგენს ისე, რომ  ერთ თეთრს არ დახარჯავს.  ეს სოციალურ კომპონენტადაცაა განხილული ბევრ ქვეყანაში.

მართალია,  ადამიანი თავისი ჯიბიდან ხარჯავს ყოველთვიურად, მაგრამ რომ დაუდგეს ავარიის შემთხვევა, ამ ტიპის სავალდებულო ავტოდაზღვევა დიდ ფინანსურ ვალდებულებას ააცილებს მას.  ჩვენ ასევე ტურიზმის დაზღვევაშიც შევცვალეთ მიდგომები და დავაწესეთ მინიმალური პირობები. შედეგად,  საზღვარგარეთ მოგზაურობისას ადრე თუ იყო 1000-2000 ევროს ფარგლებში ზარალის ანაზღაურება, ახლა  ამბულატორიული მომსახურება 5 000 ევრომდე და ჰოსპიტალური კი 30 000 ევრომდე ანაზღაურებას ექვემდებარება. რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება,”-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

გამოგვყევით