logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულა" მალაიზიის, სინგაპურისა და ბანგლადეშის ბაზარზე გავიდა

საკონსერვო წარმოება "კულა" მალაიზიის, სინგაპურისა და ბანგლადეშის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული ქვეყნების გარდა, "კულა" იაპონიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ამერიკის ბაზარზე გაფართოებასა და პარტნიორების დამატებაზეც აქტიურად მუშაობს.

"დაახლოებით, 30 ქვეყანაში გაგვაქვს პროდუქცია. ირან-ისრაელის ომის გამო ისრაელის მიმართულება დაპაუზდა მცირე ხნით, თუმცა უკვე აღდგა და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ არ გავჩერებულვართ. ქვეყანაში და რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საექსპორტო ქვეყნებს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, გარკვეული შიშები ჰქონდათ, თუმცა ეს შიშები აღარ აქვთ, რადგან სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე საერთო ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.

"გაზაფხულის პერიოდში სიახლეები არ გვაქვს ხოლმე, თუმცა სავარაუდოდ, სექტემბრიდან პროდუქტების ასორტიმენტს გავზრდით და აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით შეგვეძლება საუბარი. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ვავითარებთ ჩვენს საწარმოს და მიმდინარე წელსაც დანადგარების დამატება გვაქვს დაგეგმილი. საწარმოო ხაზები დაემატება იმისთვის, რომ უფრო მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით