logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბოლო 5 თვეა, იჯარის ფასები წონასწორობის ახალ წერტილზეა" - გასაქირავებელი ბინის ფასი შემცირდა

ბოლო 5 თვეა, იჯარის ფასები წონასწორობის ახალ წერტილზეა, რაც კვადრატულ მეტრზე დაახლოებით, 10 დოლარს უტოლდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt and Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ზუკა თავყელიშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი წინა თვის დონეზე დარჩა, ანუ კვადრატულზე 9.9 დოლარი, თუმცა, წლიურ ჭრილში კლება ფიქსირდება, ვინაიდან, 2023 წლის მაისში, გასაქირავებელი ბინის 1 კვადრატულის ფასი, თვიურად თითქმის 12 დოლარს შეადგენდა.

„საბოლოო ჯამში, ქირის ფასი, მის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც 2023 წლის მარტში დაფიქსირდა, დღევანდელი მოცემულობით, 20%-ით არის შემცირებული. დაკლებულია ქირის ამონაგებიც და 9.5%-ის ფარგლებშია“, - განმარტავს  ზუკა თავყელიშვილი.

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი პროგნოზებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ექსპერტები, მოკლევადიან პერიოდში ქირის ფასის დამატებით შემცირებას აღარ ელიან.

რაც შეეხება მოთხოვნა მიწოდების საკითხს, უძრავი ქონების პორტალ Home.ge-ის ინფორმაციით, გაქირავების ბაზარზე ბინები ჭარბი რაოდენობით დაგროვდა. მაგალითისთვის, თუ გასული წლის ამავე პერიოდში, Home.ge-ზე ფიზიკური პირების მიერ განთავსებული გასაქირავებელი ბინების რიცხვი თვიურად 7-8 ათასს შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 10 ათასია.

ექსპერტების განმარტებით, გასაქირავებელი ბინების რაოდენობის ზრდის მიზეზი შემცირებული მოთხოვნაა, რაც უმეტესად მიგრაციულ ეფექტს უკავშირდება. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო, ბინების როგორც ყიდვაზე, ისე დაქირავებზე არაბუნებრივად გაიზარდა მოთხოვნა, რის გამოც, ბაზარზე გასაქირავებლად ბევრი ბინა გამოვიდა. ახლა მიგრაციული ეფექტი ამოწურულია და შესაბამისად, მოთხოვნა შემცირებულია. მეორე ფაქტორი მოთხოვნის შემცირების, დარგის ექსპერტების თქმით, სეზონურობაა. კერძოდ, ბინების გრძელვადიანი გაქირავება თბილისში პირდაპირ კავშირშია სასწავლო პროცესთან. დედაქალაქში ბინებს ხანგრძლივი პერიოდით უმეტესად სტუდენტები ქირაობენ, ამიტომ, ზაფხულის 3 თვე მოთხოვნის კლება ფიქსირდება ხოლმე გრძელვადიან გაქირავებაზე. დღიურ გაქირავებაზე კი ზაფხულში მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით ისეთ საკურორტო ზონებში, როგორებიცაა - ბათუმი, ქობულეთი, ციხისძირი, ბაკურიანი, აბასთუმანი და სხვა. ეს მოთხოვნა ცხადია აქტიურ ტურისტულ სეზონს უკავშირდება.

ცნობისთვის, უძრავი ქონება საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად და ამაზე მიუთითებს ყოველწლიურად გაცემული სამშენებლო ნებართვების მზარდი რიცხვი. Galt and Taggart-ის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში, 2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. სამშენებლო ნებართვების მხრივ, ყველაზე პოპულარული დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორია.

გამოგვყევით