logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს მშენებლობას, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყებს

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს მშენებლობას, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანია საწარმოს პროექტზე მუშაობს. 

"მშენებლობის ნებართვაზე ჯერ არ გვაქვს შეტანილი განაცხადი. სამ სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობთ და ინვესტიციაც შესაბამისი იქნება. საწარმო სავარაუდოდ, თბილისში ან მის მიმდებარედ აშენდება. აღნიშნული გეგმა, 2-3 წლიან პერიოდში განხორციელდება", - აღნიშნა გიორგი ბოჭორიშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწარმოს გახსნის შემდეგ ასორტიმენტის გაზრდაც იგეგმება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, თბილისში Chizzzy კაფე-მაღაზიის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებლები როგორც პროდუქტის შეძენას, ასევე დაგემოვნებას შეძლებენ. 

ამ ეტაპზე Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და  თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. გიორგი ბოჭორიშვილის განცხადებით, გაყიდვები წლიდან წლამდე სტაბილურია, თუმცა ვარაუდობს, რომ ასორტიმენტის გამრავალფეროვნების და საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება.

ცნობისთვის, Chizzzy არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს. კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით