logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ხელნაკეთი ხალიჩების მწარმოებელი კომპანია"კარპეტერია" გაფართოებას გეგმავს

ხელნაკეთი ხალიჩების მწარმოებელი კომპანია "კარპეტერია" გაფართოებას გეგმავს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი, მარიამ მარგიანი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  სამი წლის წინ, ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენამ დიდი ინტერესი დაიმსახურა, დღეს კი ხელნაკეთ ხალიჩებსა და სხვა აქსესუარებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. 

დიდი ინტერესია საწარმოშივე არსებულ "ვორქშოფებზეც", სადაც სტარტაპის დამფუძნებლები, ხელსაქმით დაინტერესებულ ადამიანებს ერთგვარ მასტერკლასებს უტარებენ. 

მარგიანის ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სტარტაპი გაფართოებას და  "ვორქშოფების" ინტენსივობის ზრდას გეგმავს.  განიხილება კადრების დამატებაც. გაფართოების მიზნით,  სტარტაპი მორიგი დაფინანსების მოპოვებაზეც მუშაობს, რის შემდეგაც დაგეგმილია სტუდიის ახალ ლოკაციაზე გადატანა.  

მარგიანი "ბიზნესპარტნიორთან"  აღნიშნავს, რომ "კარპეტერია" სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დაგეგმვასაც გეგმავს რაც ადგილობრივ არტისტებს ამ მიმართულებით საინტერესო ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. იდეისთვის  უფრო ფართო მასშტაბის მისაცემად კი სტარტაპი პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე  აწარმოებს.

"კარპეტერია" სხვადასხვა დიზაინის, ზომისა და ფერის პროდუქტს ნატურალური, სუფთა და რაც მთავარია ქართული შალის ძაფისგან ქმნის, რომელიც მისი უნიკალური თვისებებით გამოირჩვა - იღებება ხელით, მხოლოდ ნატურალური საღებავებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებლებში. თუმცა,  დამკვეთთა 90% მაინც ადგილობრივია.

„პირველი წელი ხელნაკეთ ხალიჩებს მხოლოდ ინდივიდუალური დაკვეთით ვქმნიდით. ყველაზე მოთხოვნადი ანიმაციური პერსონაჟების ხალიჩები იყო. სასაჩუქრედ ხშირად უკვეთავდნენ. თუმცა, მალე ერთგული მომხმარებლები შევიძინეთ, ბაზარზე კონკურენტული გარემოც შეიქმნა და ხელნაკეთი ხალიჩების პოპულარობამ სტუდიის გახსნისკენაც გვიბიძგა. ხალიჩის წარმოების თანამედროვე ტექნიკის შესწავლის მსურველები თავიდანვე გამოჩნდნენ,“ - განაცხადა მარიამ მარგიანმა.

სტარტაპი აქტიურად თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინერებთან და მუშაობს კორპორაციულ დაკვეთებზეც. 

ცნობისთვის, "კარპეტერიის" შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა.  3 წლის წინ დაფუძნებული სტარტაპი "აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარია.  "კარპეტერია" ქართული შალის ძაფისგან სხვადასხვა ზომის, ფერისა და დიზაინის მქონე ხალიჩებს, ბალიშებს და სხვა ინტერიერის აქსესუარებს ქმნის.

გამოგვყევით