საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფდა. ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებში ამბობენ, რომ ბოლო 2 კვირაში, საერთაშორისო ფასები, ფაქტობრივად, განახევრდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, თუ ბოლო თვეებში, 4-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი, დაახლოებით, 8500 დოლარი იყო, ახლა მისი ღირებულება 5000 დოლარია.
„საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსის შემცირება კონკურენციის გაზრდამ, კერძოდ - რკინიგზისა და სახმელეთო გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა. როგორც იცით, 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, კომპანიებმა სუეცის არხი დროებით ჩაანაცვლეს ახალი მარშრუტით და დღეს, გემების დიდი ნაწილი აფრიკის კონტინენტის შემოვლით მოძრაობს, რამაც გზა დააგრძელა და შესაბამისად, გაიზარდა გადაზიდვის დრო. შექმნილი დისკომფორტის გამო, რაც დროის გაზრდას უავშირდება, ჩვენი პარტნიორი კომპანიების დიდი ნაწილი, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვებზე გადაერთო“, - აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ს რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რიცხვში 200%-იანი ზრდა აქვს, სახმელეთო მიმართულებაზე კი 40%-იანი. ჯერჯერობით, კვლავ ზრდის მაჩვენებლები შეინიშნება ზღვით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაშიც.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4.2 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა, რაც თითქმის 12 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება რკინიგზას, ამავე პერიოდში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.