logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უძრავი ქონების ფასები წლიურად 4%-ით არის გაზრდილი" - რევაზ მაისურაძე

„თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევრის, რევაზ მაისურაძის განცხადებით, საქართველოში, 7 თვის განმავლობაში,  უძრავ ქონებაზე ფასები წლიურად მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ბაზარზე მოთხოვნა რეალურად არსებობს.

„ერთი შეხედვით, როდესაც ბაზარს მთლიანი მოცულობისა და დოლარში გამოხატული მაჩვენებლების მიხედვით ვუყურებთ, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, თითქოს უძრავი ქონება ძალიან სწრაფად ძვირდება, თუმცა ეს ასე არ არის - წელს ფასები ზომიერად იზრდება. 7 თვეში ფასები წლიურად მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი უფრო მეტი მოგებაა და არა აქტიური გაძვირება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბაზარზე მოთხოვნა რეალურია და ის სპეკულაციურ ფასებთან დაკავშირებული არ არის“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

მისი შეფასებით, 2026 წლის ზაფხული, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ბაზრისთვის, მოსალოდნელზე უფრო აქტიური აღმოჩნდა.

„ბაზარი საერთოდ არ შენელებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა. ბათუმს რაც შეეხება - იქ უფრო ნორმალიზებული ზრდა დაფიქსირდა, დაახლოებით 5%-ის ფარგლებში. ზრდის ტემპი დასტაბილურდა, მაგრამ იმხელა ზრდა არ იყო, როგორც თბილისში დაფიქსირდა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბათუმი მაინც უფრო სპეციფიკური ბაზარია, იქ სეზონურობაც მოქმედებს“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

როგორც მან აღნიშნა, უცხოელი მომხმარებლების მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა თბილისის ბაზარზე ძირითად მოთხოვნას მაინც ადგილობრივები ქმნიან.

„თბილისში არარეზიდენტების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ თბილისის ბაზარზე ძირითად მოთხოვნას მაინც ადგილობრივები ქმნიან. განსაკუთრებით, ახალ დეველოპერულ პროექტებში, ძირითადად, შეძენის მიზანი არის საცხოვრებელი და არა საინვესტიციო, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციოც ძალიან გაზრდილია. თბილისის ბაზარზე დაინტერესება არის უფრო პოლონეთიდან, ისრაელიდანაც. ევროპის ბაზარი ჩვენსკენ კიდევ უფრო გააქტიურებულია და ვხედავთ საქართველოში ინტერესს“,- განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

როგორც მან განმარტა, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა მეორად ბაზარზეც.

„მაგალითად, თბილისში მყიდველი ირჩევს ისეთ ბინას, რომლის გაქირავებასაც შეძლებს“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ. ის ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ქირის კუთხით ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ისეთ ზრდას, როგორც ეს იყო 2023-2024 წლებში, ქირაში აღარ უნდა ველოდოთ. ვფიქრობთ, რომ უფრო სტაბილურად შენარჩუნდება ქირის დონე“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

მისივე თქმით, 2026 წელს მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზეც გაიზარდა.

„მიწის ნაკვეთებზე დადებითი ტენდენციები ჩანს. ფასში დაახლოებით შეიძლება 3-დან 5%-მდე ზრდას ვხედავდეთ მიწის ნაკვეთებზე. თბილისში და თბილისის შემოგარენშიც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა. ტრანზაქციების კუთხითაც დადებითი ტენდენციები გვაქვს“, - განაცხადა რევაზ მაისურაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ახალ დეველოპერულ პროექტებში დაახლოებით 70% არის შიდა განვადებით შეძენილი ბინები.

გამოგვყევით