მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მინდია საბანაძე თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით კომენტარს „ბიზნესპარტნიორთან“ აკეთებს.
მისი ინფორმაციით, IG Development-მა რამდენიმე თვის წინ საგამოფენო ცენტრის უკან მდებარე აუთვისებელი 11 ჰა ფართის ტერიტორია შეისყიდა. ამ დროისთვის კი დეველოპერული პროექტის იდეაზე მუშაობს.
„მაქვს დეველოპერული პროექტის განხორციელების იდეა, თუმცა, დეტალებში ამ ეტაპზე ვერ ჩავალ, რადგან ეს ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა. სრული გარანტიით გეუბნებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩვეულებრივად დარჩება საგამოფენო სივრცეები როგორც არის, ჩვეულებრივად იქნება ის სარეკრიაციო სივრცეც, ის ულამაზესი სიმწვანე. ეს არის მთელი მაგისი ხიბლი. ცარიელი ტერიტორიების მეტი რა არის დეველოპმენტისთვის, ეგ რომ არ გაჩეხო კაცმა?
დეველოპერული პროექტი განხორციელდება საგამოფენო ცენტრის უკან, სადაც ცარიელი ტერიტორიაა, წინა მხარეს ვტოვებთ აბსოლუტურად გახსნილს, რომ მოსახლეობამ 24/7-ზე, უფასოდ ისარგებლოს. საგამოფენო ცენტრის გვერდებზე და უკან არის ბეტონები, ცარიელი საპარკინგე სივრცეები,სადაც რაღაცეები შეიძლება დავგეგმოთ, ჯერ ესეც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. დეველოპერული პროექტი თუ განხორციელდება, მხოლოდ ცარიელ ტერიტორიაზე.
დაახლოებით 1 წელში შევჯერდებით პროექტის დეტალებზე, ახლა კი შემიძლია გითხრათ - ისეთი რამე გაკეთდება, რომ ქალაქის და მოსახლეობის მხრიდან ალბათ მადლობას თუ დავიმსახურებთ“-აცხადებს მინდია საბანაძე.
შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ბიზნესმენ მინდია საბანაძის ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია დღეს „კომერსანტმა“ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან ერთად მენეჯმენტ კომპანია შპს "ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958" შექმნეს.
ამის საპასუხოდ საბანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ დაფუძნებულ კომპანიას დეველოპერულ პროექტთან კავშირი არ აქვს.
ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ექსპო ჯორჯიას“ მფლობელი კომპანია სს „გამოფენების ცენტრია“, რომლის დირექტორია რესან ქიქავა. ხოლო შპს „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“ მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: რესან ქიქავა - 10%, ლადი ჩიხლაძე - 40%, ნოდარ საბანაძე - 50%.