ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში რძის პროდუქტების სკანდალის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და პირიქით, გაყიდვებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
„ჩვენთან მოთხოვნა არ შემწყდარა, მოთხოვნა ძალიან მაღალია. 6 მილიონის ლარის გაიყიდა შარშან ჩვენი პროდუქცია და წელს ეს მაჩვენებელი ერთ-ნახევარჯერ1.5-ჯერ არის უკვე გაზრდილი“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მან დაინტერესებული პირებისთვის „ყვარლის ბაგაში“ ღია კარის დღეების გაგრძელებაც დააანონსა.
„შექმნილი აჟიოტაჟის გამო, სწრაფი იდეა გამიჩნდა, რომ ღია კარის დღე გამომეცხადებინა და არა ერთჯერადად, ეს იქნება წლის ბოლომდე. ყოველთვიურად ვუმასპინძლებთ დაინტერესებულ პირებს, შეირჩევა 60-70 კაციანი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება იმ პირებით, რომლებიც ჩვენს „ფეისბუქსა“ თუ „ინსტაგრამზე“ ჩვენი საწარმოო პროცესის გაცნობის სურვილს გამოთქვამენ“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე განმარტებით, ღია კარის დღეებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ, სად და რა ბუნკერებში ყრია საკვები პროდუქტი, როგორ ნაწილდება ეს ყველაფერი, გაეცნონ წველის პროცესს. შესაბამისად, დარწმუნდნენ მის ხარისხში.
„მგონი ჰოსპიტალები არ იყენებენ იმდენ იოდს, რასაც ჩვენ ვიყენებთ წველის დარბაზში. როცა ამთავრებენ ძროხების წველას იოდით ხდება ცურის დამუშავება“, - განმარტა პაპაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, რატომ დასჭირდათ ქათმის ნაკელის გამოყენება კვების პროცესში, პაპაშვილმა აღნიშნა:
„მე ყველაფერს ვერ ვმართავ, 47 კომპანია მაქვს, რომელსაც ვმართავ ერთდროულად. საწარმოო პროცესს თავისი მენეჯერი ჰყავს და მან გადაწყვიტა თავისი პრაქტიკით, რომ ქათმის ნაკელი გამოეყენებინა ძროხების საკვებად. 70 წლის გახდა ახლახან და დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ბევრგან ვახსენე მე, რომ ამერიკაში, სადაც ძალიან განვითარებულია ქათმის ბიზნესი, მთელ მსოფლიოს ამარაგებენ ბროილერის ჯიშის ქათმით ამერიკელები, მათ სხვა გზა არ აქვთ - ამის უტილიზაცია უნდა მოახდინონ ჭკვიანურად. ამიტომ, ისინი დღემდე ბევრ შტატში კვებავენ ამ პროდუქტით საქონელს. ნათლად და კარგად წერია, რომ არც სუნზე, გემოზე, ფერზე, გავლენას არ ახდენს ეს პროდუქტი და ჩვეულებრივი პროტეინის წყაროა“, - განაცხადა პაპაშვილმა და იქვე განმარტა, რომ ქათმის ნაკელის საკვებად გამოყენების პრეცედენტი მის ფერმაში 7 წლის წინ მოხდა.
პაპაშვილმა რძის ინდუსტრიის გამოწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში საჭიროა კვებაში დიდი ფერმების შექმნა.
„ჩვენთან, სამწუხაროდ, ინდუსტრიული რძე არის მთლიანი რძის წარმოების მხოლოდ 6%-ი, მაშინ როცა ამერიკა, ბრიტანეთში სრულად ინდუსტრიული რძეა. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, მაგრამ ქვეყანამ უნდა დაისახოს გეგმად ამ სექტორის განვითარება. ჩვენ გვაქვს პერმანენტული საუბარი ახალი მინისტრთან და ყველა მინისტრთან მქონდა ადრეც საუბარი, თუ რა უნდა გაკეთდეს რძის ინდუსტრიის განსავითარებლად. დღეს უკვე, სახელმწიფოს მხრიდან 10 მილიონი ლარით ფინანსდება ის, ვინც გადაწყვეტს, ჩადოს ფული მერძეული საქონლის შემოყვანაში. ეს თანხა უკვე რაღაცას ჰგავს, დიდ ფერმას არ ეყოფა, თუმცა საშუალო ფერმის ხარჯებს თითქმის სრულად ფარავს“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, 2018 წელს ,,სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე. ამის შესახებ განცხადება 'სანტემ" სოციალურ ქსელში გაავრცელა. დაახლოებით 4 წელია, სასამართლოში ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგასა" და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია ჩირინას" შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანი ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას" მიერ მიწოდებული ქათმის სკლინტია, რომელმაც " ყვარლის ბაგას" ცხოველების ნაწილი დახოცა.