logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბინებზე ფასების ზრდის მიუხედავად, როგორც ემიგრანტების, ისე ადგილობრივების მხრიდან, მოთხოვნა გაიზარდა" - სამშენებლო კომპანია "მალკო"

"ბინებზე ფასების ზრდის მიუხედავად, როგორც ემიგრანტების, ისე ადგილობრივების მხრიდან, მოთხოვნა გაიზარდა" - სამშენებლო კომპანია "მალკო"

1746777720

ბინებზე ფასების ზრდის მიუხედავად როგორც ემიგრანტების, ისე ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მალკოს" დირექტორმა  მალხაზ ლაფაჩიმ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ბინებზე ფასების ზრდა, ქვეყანაში განვითარებულმა როგორც ეკონომიკურმა, ისე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. მალხაზ ლაფაჩი აცხადებს, რომ ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან თავად მშენებლობა ძვირდება.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად ხელშემშლელი იყო ჩვენი ბიზნესისთვის, რადგან ამ სექტორს სტაბილური გარემო და სიმშვიდე სჭირდება, რომ სწორად წაიყვანო. ზოგადად, მშენებლობისთვის აუცილებელია ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობიანი პერიოდი. ომი და ეკონომიკური კრიზისი აჩერებს მშენებლობას. შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებლები ცვალებადია. შესაძლებელია, გარკვეულ პერიოდში გაიზარდოს და გარკვეულ პერიოდში დაიკლოს. მაგალითად, ახალი წლის შემდგომი პერიოდი ყოველთვის დაბალი აქტივობით ხასიათდება და ეს არ უნდა ჩაითვალოს გაყიდვების შემცირებად. მიუხედავად იმისა, რომ ბინებზე ფასები გაზრდილია, მოთხოვნა არის. ფასის ზრდა კი განპირობებულია იმით, რომ თვითონ მასალებიც და მუშახელიც გაძვირდა და მიწებიც აღარ არის.

ნებისმიერ ადგილზე აღარ არის შესაძლებელი, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენო. ამ ყველაფერმა ფასების ზრდა განაპირობა. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხში რაღაც წილით ინფლაციამაც იქონია გავლენა. დრომ და ვითარებამ მოიტანა ეს ფასები. აღსანიშნავია, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ თბილისში არ არის, რეგიონებშიც თითქმის იგივე ფასია“, - აცხადებს მალხაზ ლაფაჩი. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიას როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები აქვს. ბინები კი  მიმდინარე პროექტებში  ეტაპობრივად იყიდება.

ჩვენ ძირითადად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ვაშენებთ, სადაც საცხოვრებელი ბინების გარდა, კომერციული ფართებიც არის გათვალისწინებული. ამჟამად, ორი მიმდინარე პროექტი გვაქვს, მათ შორის, დიდ დიღომსა და გლდანში. კერძოდ, დიდ დიღომში 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, ხოლო გლდანში 11-სართულიანი კორპუსი -  2026 წლის შემოდგომის პერიოდში.  პროექტები აბსოლუტურად ქართული კაპიტალით ხორციელდება. ერთი პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 1.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა მალხაზ ლაფაჩიმ.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს - „მალკო“ ახალი პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ისე რუსთავში გეგმავს.  როგორც ლაფაჩი აცხადებს,  ამჟამად, მიწების მოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „მალკო“ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიას ამჟამად, თბილისში 2 დასრულებული და 2 მიმდინარე პროექტი აქვს.

გამოგვყევით