logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თუთიყუშისთვის ლაპარაკის სწავლება, სხვის მაგივრად ფოსტის რიგში დგომა - კიდევ რა დავალებების შესრულებას სთხოვენ "ვემპლერს"

სხვის მაგივრად ფოსტის რიგში დგომა, ფეხბურთის მეკარედ დამატება, თუთიყუშისთვის ლაპარაკის სწავლება, სხვისთვის საჩუქრის შეძენა და ა.შ. - ეს იმ დავალებათა ჩამონათვალია, რომელსაც მომხმარებლები "ვემპლერის" საშუალებით ითხოვენ.

"ბიზნესპარტნიორი" ბაზარზე არსებული ტენდენციების გასარკვევად "ვემპლერის" თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრე თავხელიძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, მომხმარებლებლების მხირდან ერთჯერადი დავალების შესრულებაზე მოთხოვნა თვეში საშუალოდ 60%-ით იზრდება.

ალექსანდრე თავხელიძის თქმით, ძირითადად სტანდარტული დავალებების რაოდენობა სჭარბობს, მაგალითად, როგორიც არის სახლის დალაგება. 

"ჩვენი მომხმარებლები ერთის მხრივ არიან ყველა ის ადამიანი, ვისაც არ აქვს საკმარისი დრო, ენერგია, ან მოტივაცია, რომ საკუთარი დავალება შეასრულოს, ხოლო მეორეს მხრივ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, გამოცდილება ან პროფესია, რომ კონკრეტული დავალებები შეასრულონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ჩვენი სერვისები მოიცავს დაწყებული სახლის დალაგებიდან, დასრულებული სხვის მაგივრად საჩუქრის ყიდვის მომსახურებით. დავალებები ერთმანეთს არ ჰგავს და განსხვავებულია. 

შემიძლია გამოვყო ჩვენი თავისუფალი კატეგორია, რომელიც აერთიანებს დავალებებს, რომლებიც აქამდე არადელეგირებადი იყო. მაგალითად, სხვის მაგივრად ფოსტის რიგში დგომა, საჩუქრის შეძენა სხვისთვის, თუთიყუშისთვის ლაპარაკის სწავლება და ა.შ. ძალიან ბევრი დავალებაა, რომელიც ადამიანს აწუხებთ, არ შეუძლიათ გაკეთება და "ვემპლერს" შეუძლია ეს გადაიბაროს და თავად შეასრულოს", - აცხადებს "ვემპლერის" დამფუძნებელი. 

ალექსანდრე თავხელიძის ინფორმაციით, დავალებების საფასური განისაზღვრება მისი შინაარსის მიხედვით. არსებობს სტანდარტული ფასები და ასევე, საათობრივი ანაზღაურება, რომელსაც შემსრულებლის უნარები, გამოცდილება და რეიტინგი განსაზღვრავს.

ცნობისთვუის, "ვემპლერი" სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი ერთჯერადი დავალების შესრულებას სთავაზობს. ის ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა. "ვემპლერის" საშუალებით, ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, სხვებს დაეხმარონ და ამით თანხა გამოიმუშაონ თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე.

გამოგვყევით