logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე: 12 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ₾28 მლრდ-დან ₾90 მლრდ-მდე გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: 12 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ₾28 მლრდ-დან ₾90 მლრდ-მდე გაიზარდა

1727536013

"2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია,"-  ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში განაცხადა. 

"წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ პატიმრების ციხეებში სიკვდილიანობა;

- აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია;

- ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;

- ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა;

- 8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი;

- ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

- რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;

- ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები;

- რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება;

- ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;

- 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;

- „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

- ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს.

დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.

26 ჩვენი დღეა და 41 ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს 41. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით