logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დიდგორელის" მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

"დიდგორელის" მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

1721291420

ისტორიის კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან არემჯის მხარდაჭერით იმართება  მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებას უმასპინძლა. ამჯერად ღონისძიებაზე თეთრიწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

2024 წლის ახალციხის დიდგორელი #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ქომოშვილი გახდა, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგი ტყუპმა დებმა ანი და მარიამ ჩოხელებმა აჩვენეს. პირველად „დიდგორელის“ ისტორიაში, კონკურის ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება ერთის ნაცვლად ორი გამარჯვებული გამოევლინა, რადგან გოგონებმა კონკურსის ყველა ტურში იდენტური - უმაღლესი შედეგი აჩვენეს.  ტრადიციულად გამარჯვებულებს არემჯისგან 6-თვიანი სტიპენდია გადაეცემათ.

„მოხარული ვარ, რომ „დიდგორელის“ ყოველ ახალ სეზონზე ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით. ეს კონკურსი არ არის  მხოლოდ სახელმძღვანელოდან კონკრეტული მნიშვნელოვანი თარიღების დამახსოვრება და შემდეგ ტესტში მაღალი ქულების მიღება, „დიდგორელი“ პირველ რიგში ახალგაზრდების ერთობაა,  რომლებსაც  უყვართ სწავლა, განვითარება, გამოწვევები, ახალი მეგობრების შეძენა, უყვართ თავიანთი ქვეყანა.  არემჯის მიერ დაწესებული სტიპენდიაც სწორედ ასეთი ახალგაზრდების წახალისებას და მათ განვითარებას ისახავს მიზნად.“ – განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნატალი ნოზაძემ.

ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“ სასკოლო ასაკის მოსწავლეების კონკურსია, რომელიც 2019 წელს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დაიწყო და ამ დრომდე 10-მდე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. პროექტი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით.

პროექტი მრავალკომპონენტიანია და მოიცავს როგორც ტესტის დასაწერად  მოსამზადებელ ნაწილს, ისე შემეცნებით აქტივობებსაც, როგორებიცაა სტუმრობა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ლექციებზე დასწრება, მოსწავლეთა კონფერენციების მოწყობა, მინი ფილმების გადაღება ისტორიულ თემებზე და ა.შ. 

არემჯისთან ერთად  წლების მანძილზე „დიდგორელს“ არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასთან.

 კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში არემჯი მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული  სტუდენტური პროგრამები და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის, როგორიც არის „დიდგორელი“.

გამოგვყევით