გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლით ვხურავთ, - ამის შესახებ საკონსერვო კომპანია "კულას" დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას და განვითარებას და კომპანიის სამომავლო გეგმები მრავალფეროვანია.
"გეგმურად მივდივართ, ვიზრდებით და ვვითარდებით. ჩვენი გეგმები HIPP-ის ქარხანასთან დაკავშირებით უცვლელია. ვფიქრობთ, რომ 2026 წლის აგვისტოს თვეში აღნიშნულ ქარხანას გავხსნით. ამასთან, ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედებასაც ვგეგმავთ.
ვემზადებით ახალი წლისთვის და უფრო ზუსტად კომპანიის 2025 წლის შედეგებზე, ახალი წლის შემდეგ შეგვეძლება საუბარი", - აღნიშნა ვანო გოგლიძემ.
ცნობისთვის, HIPP-ის ქარხანაში ბავშვთა კვების ხაზის ამოქმედების პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს და ამჟამად, დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა" ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.