ICI PARIS მომხმარებლებისთვის აპლიკაციას ქმნის. ამის შესახებ პარფიუმერული კომპანიის დირექტორმა მაია პაპალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, აპლიკაცია სავარაუდოდ, მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"აპლიკაციაში მომხმარებელს ექნება ე.წ. კაბინეტი, საიდანაც გადავა მაღაზიის მობილური ვერსიის გვერდზე და იქიდან უკვე შეძლებს პროდუქციის შეძენას. ჩვენ მიტანის სერვისიც გვაქვს, რომელსაც საკუთარი ძალებით ვახორციელებთ. ჩვენი გუნდი გვყავს და ისინი აწვდიან მომხმარებლებს შეძენილ პროდუქციას. აპლიკაციის შექმნა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ამის შექმნის საჭიროება იყო. გვინდოდა, რომ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებთან პირადი ურთიერთობა დაგვემყარებინა და განსაკუთრებული და საჭირო აქცია შეგვეთავაზებინა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ აპლიკაციის შექმნა, თუმცა ახლა უკვე წამოგვეწია ახალი რეგულაციაც, რომლის მიხედვით 1 მარტიდან SMS შეტყობინებების გაგზავნა შეგვეზღუდება. ეს აპლიკაცია მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებზე გაგვიყვანს, რომელსაც ჩვენი ლოიალური ბარათი აქვს და გვიცნობს", - განაცხადა მაია პაპალაშვილმა.
შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე ICI PARIS სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. კომპანია ჯამში 20 ფილიალს ფლობს.
ICI PARIS მაღაზიებში 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier და სხვა.