logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "სტუმარი" იაპონიის ბაზარზე გავიდა

კომპანია "სტუმარმა" "ღვინის ჩაის" ექსპორტი იაპონიაში განახორციელა.ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ბუკიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იაპონიაში გაგზავნილია პირველი საცდელი პარტია, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ კაფე-ბარებსა და მაღაზიებში ხორციელდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, კომპანია ამერიკულ ბაზარზეც გავა. 

"საექსპორტო მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა და ექსპორტის მაჩვენებლები თანაბარია, თუმცა უახლოეს მომავალში განხორციელებული საექსპორტო გეგმების შემდეგ, მაჩვენებლის მკვეთრ ცვლილებას ველოდებით. ჩვენი მიზანია, რომ პროდუქციის დაახლოებით, 90% ექსპორტზე გაიყიდოს.

როგორც იცით, ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც ვთანამშრომლობთ ჩინეთთან და გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, დაახლოებით, თვე ნახევარში, დასრულდება პროდუქტის ამერიკის ბაზარზე რეგისტრაციის პროცესიც, რაც ექსპორტის მასშტაბების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდის საშუალებას მოგვცემს", - აცხადებს გიორგი ბუკია.

კომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, პროდუქტით დაინტერესება დღითი დღე მატულობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

"ამ ეტაპზე საქართველოში წარმოდგენილი ვართ, დაახლოებით 100-მდე ლოკაციაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქსელურ მაღაზიებს, ასევე ტურისტულ ობიექტებსა და სპა-სალონებს.

რაც შეეხება პროდუქტის რეალიზაციის მაჩვენებელს, გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა გაყიდვები. ჩვენდა სასიხარულოდ ღვინის ჩაის უკვე გაუჩნდა ერთგული მომხმარებლები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას სიხარულით უზიარებენ გარშემომყოფებს. სწორედ მსგავსი თანამშრომლობა გვაძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი - "ღვინის ჩაი" უფრო აქტიურად გავაცნოთ მთელ მსოფლიოს", - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ასორტიმენტის ზრდას, გიორგი ბუკიას ინფორმაციით, კომპანია ამ მიმართულებით მუდმივად ახდენს მომხმარებლის კვლევასა და მათთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზებას.

"ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ღვინის ჩაის დაემატა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი ,,ცხელი საფერავი’’ რომელიც მზადდება ღვინის ჩაის ბაზაზე. ისევე როგორც ღვინის ჩაი, ცხელი საფერავიც არ შეიცავს ალკოჰოლს, გააჩნია მაღალი ანტიოქსიდანტური მაჩვენებელი, არის მარტივად მოსამზადებელი ყოველდღიური მოხმარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხელი საფერავით სარეალიზაციო ქსელის შევსების პროცესი, რათა მომხმარებლისთვის ის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს გიორგი ბუკია.

ცნობისთვის, კომპანია "სტუმარი" აწარმოებს საფერავის ღვინის ბაზაზე შექმნილ ღვინის ჩაის, რომლის შემადგენლობაში შედის ყურძენი, წიპწა და კონცენტრირებული ღვინო. "სტუმარის" ბრენდის ბაზარზე გამოჩენა და "ღვინის ჩაის" მომხმარებლებისთვის შეთავაზება 2021 წელს მოხდა. "ღვინის ჩაი" არის უალკოჰოლო სასმელი, რომელმაც 2017-2021 წლამდე ყველა საჭირო ტექნოლოგიური ეტაპი გაიარა. წარმოების პროცესის სრულყოფისა და პროდუქტის თვისებების გაუმჯობესების მიზნით მუდმივად მიმდინარეობდა საწარმო ხაზის სხვადასხვა სახით ტესტირება, ხოლო საბოლოო შედეგის მისაღწევად ჩატარებულ იქნა 200-მდე ლაბორატორიული ცდა. პროდუქტს გააჩნია ღვინის როგორც საგემოვნო, ასევე სასარგებლო თვისებები.

პროდუქტის წარმოება ხდება კომპანიის მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში - საგარეჯოს რაიონში.

2021 წელს "სტუმარმა" საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. ჯამური საინვესტიციო მოცულობა განისაზღვრა 1 300 000 ლარით, საიდანაც კონკურსის ფარგლებში კომპანიამ მიიღო 650,000 ლარიანი გრანტი, ამასთანავე თანამონაწილეობამ 650,000 ლარი შეადგინა. ამ ინვესტიციის გამოყენება მოხდა საწარმოს აღჭურვისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, შედეგად კი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

გამოგვყევით