logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ძაღლის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოთხოვნა სეზონური გახდა - "ფოფსი"

ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის "ფოფსის თანადამფუძნებლის ნათია ნაროზაულის განცხადებით, პროდუქციაზე მოთხოვნა სეზონური გახდა. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი საწვიმარი და დათბილული ტანსაცმელია. 

როგორც  ნაროზაული "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ მომხმარებლები საკუთარი ოთხფეხა მეგობრებისთვის სამოსს, უკვე მხოლოდ კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე ყიდულობენ.

"ადრე გაზაფხული, ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისშიც იყო ხოლმე მოთხოვნა და ახლა შემცირებულია. როცა ბაზრისთვის ახალი და უცხო პროდუქტი იყო, მაშინ უფრო მეტი იყო მოთხოვნა, თუმცა ახლა მხოლოდ საჭიროების შესაბამისად იყენებენ. სხვადასხვა მოთხოვნილებიდან გამომდინარე, თემატურად უკვეთენ ძაღლების სამოსს, მათ შორის, სავარჯიშო ტანსაცმელს და ა.შ. გარდა ამისა, შეკვეთიდან გამომდინარე ვაწარმოებთ ძაღლის საწოლებსაც. ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ქართველია, ხოლო დაახლოებით, 15% უცხოელი. 

ჩვენი პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება, თუმცა ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქსელურ მარკეტთან, მათ შორის, ზოო მაღაზიასთანაც. გარდა ამისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოდგენილები ვართ ქუთაისსა და ბათუმში, სადაც კონკრეტულ ქსელურ მარკეტთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს ნათია ნაროზაული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კომპანიის თანადამფუძნებლის ცნობით, "ფოფსის" მთავარი მიზანი გაფართოება და ექსპორტზე გასვლაა, თუმცა ამ კუთხით სიახლე ჯერჯერობით არაფერია. 

ცნობისთვის, ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი "ფოფსი" 2020 წელს დაარსდა. "ფოფსის" სამკერვალო თბილისში, საბურთალოზე მდებარეობს, სადაც 5-მდე ადამიანია დასაქმებული. ბრენდი აწარმოებს ყველა ჯიშისა და ზომის ძაღლისთვის სხვადასხვა ტიპის სამოსს, აქსესუარებსა და საწოლებს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ბაზრიდან იღებს.

გამოგვყევით