logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სასტუმროს დაახლოებით 60%-ია დატვირთული, რაც შემოდგომისთვის კარგი მაჩვენებელია" - Crowne Plaza Borjomi

ზაფხულის სეზონის შეჯამებასა და ზამთრის სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ავთანდილი წურწუმია საუბრობს.

მისი ინფორმაციით, სასტუმრომ  მიმდინარე  ზაფხულს  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10-20%-ით მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

„ბორჯომში ზაფხულის სეზონი ყველაზე აქტუალურია, გამართლდა ის მოლოდინები რაც გვქონდა. დატვირთულობა საკმაოდ მაღალი იყო. დაახლოებით 80%-ს უცხოელი სტუმრები წამოადგენდნენ, დანარჩენი კი ადგილობრივი ვიზიტორი იყო“,-აცხადებს წურწუმია.

რაც შეეხება ქვეყნებს, შეკვეთებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ  შუა აზიის ქვეყნები, ყაზახეთის, გაერთიანებული საამიროების ქვეყნებიდან სტუმრები, ასევე ჩინეთიდან, ტაილანდიდან.  სასტუმრომ უმასპინძლა ინდოეთის რამდენიმე ჯგუფსაც.

Crowne Plaza Borjomi 5 ვარსკვლავიანი,  საკმაოდ მაღალბიუჯეტური სასტუმროა, შესაბამისად, მოცულობით ბევრი ჯგუფი არ გვყოლია, თუმცა, ვინც იყვნენ  - მაღალმხარჯველუნაირიანები. ჩვენთვის ეს ტენდენცია მისაღებია, მოცულობაზე ორიენტირს ასე გვირჩევნია,“-აცხადებს ავთანდილ წურწუმია.

ამ დროისთვის სასტუმროს დაახლოებით 60%-ია დატვირთული, რაც შემოდგომისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ზამთრის სეზონის მოლოდინებს, Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კომპანიას ამ დროისთვის მთავარი აქცენტი საახალწლო პროგრამაზე აქვს.

„ეს იქნება ძალიან გრანდიოზული და კარგი. ჩვენთან მოსულ დამსვენებელს შევთავაზებთ არაჩვეულებრივ 2 დღიან (31 დეკემბერი - 1 იანვარი) პროგრამას, არაჩვეულებრივ არტისტთან ერთად. საკმაოდ მეგობრული საღამოს მოწყობას ვგეგმავთ. გარდა ამისა, გავააქტიურებთ და გავმრავალფეროვნებთ სხვადასხვა სპა აქტივობებს, აქცენტი გვინდა იოგაზე გავაკეთოთ. გვინდა ზამთარში მომხმარებელს სარელაქსაციო განტვირთვა შევთავაზოთ,“-აცხადებს წურწუმია.

Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ზამთრის სეზონისთვის არსებულ ჯავშნებზეც საუბრობს და აცხადებს,  რომ კომპანიას  რამდენიმე უცხოური ჯგუფისგან ჯავშანი მიღებული აქვს, თუმცა, ზოგადად, ბოლო პერიოდში ამ მხრივ კულტურა  შეიცვალა  და მომხმარებელი ჯავშანს  რამდენიმე კვირით ადრე აღარ აკეთებს.

მისი ინფორმაციით, სასტუმრომ სექტემბრიდან აქტიურად განაახლა MICE ტურიზმის მიმართულებით მუშაობა.  მათ შორის, უკვე უმასპინძლა  რამდენიმე ქართულ და უცხოურ ჯგუფს.

„მოგეხსენებათ, Crowne Plaza Borjomi-ში  ბევრი საკონფერენციო დარბაზია,  ჩვენი კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, უარმაზარ სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც დიდი ჯგუფებისთვის ძალიან მიმზიდველია. ახლაც აქტიურად ვმასპინძლობთ რამდენიმე ჯგუფს. მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც,“-აცხადებს წურწუმია.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში ჩნდება თუ არა ბაზარზე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან ე.წ თიმბილდინგების მოწყობაზე მოთხოვნა, რაშიც აქტიურად ერთვება სასტუმრო ბიზნესი, წურწუმია აცხადებს, რომ ეს კულტურა ბოლო პერიოდია ნამდვილად ინერგება საქართველოში.

„როდესაც 4-5 წლის წინ, „თიმბილდინგებისთვის“  უფრო უცხოური კომპანიები ჩამოდიოდნენ,  ახლა სიტუაცია შეიცვალა. პანდემიის შემდეგ  ადგილობრივი კომპანიებიც ინტერესდებიან აღნიშნული სერვისებით. ამ მიმართულებით, რეგიონის სასტუმროები უფრო მეტად პოპულარულია,“-აცხადებს ავთანდილ წურწუმია.

ცნობისთვის, Crowne Plaza Borjomi საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, ქალაქ ბორჯომის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროს შენობა მთებს შორის, ისტორიული პარკის მიმდებარედ, მდინარის პირას დგას და 100-ზე მეტი სტუმრისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს ქმნის.

სასტუმროში 2400 კვადრატული მეტრი გამაჯანსაღებელ ცენტრსა და სპას უჭირავს; ამასთანავე, Crowne Plaza-ს საკონფერენციო დარბაზები, ორი რესტორანი, ღვინის ბარი, ლობი და ლაუნჯ კლუბიც აქვს.

გამოგვყევით