კვალიფიციური კადრების დეფიციტი უკვე საწარმოების მდგრადობას ეხება,- ამის შესახებ "ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნიდან კადრების გადინება ხდება და ეს სერიოზული პრობლემაა.
"კადრებს ხელფასების მომატებით ვინარჩუნებთ, ზოგი მეორე პოზიციაზეც არის დასაქმებული და ამ კუთხით ხელს ვუწყობთ. მენეჯერულ თანამდებობებზე დეფიციტი არ შეინიშნება, დეფიციტია უფრო საშუალო და დაბალ რგოლში. ყველა საწარმოს სჭირდება სპეციალისტები და მუშახელი, სწორედ ამ მიმართულებით არის კადრების დეფიციტი.
პირადად ჩვენ ეკოლოგზე გვქონდა პრობლემა და აღნიშნული პოზიცია შესაბამისი ცოდნის მქონე კადრს შევუთავსეთ. გარდა ამისა, ყოველთვის პრობლემაა ლაბორანტები. ვერ ვიტყვი, რომ კადრების დეფიციტის პრობლემა ხელფასიდან არის გამოწვეული. მაგალითად, ჩვენთან საშუალო ხელფასი 1300-1400 ლარია, მაგრამ ფიზიკურად კადრი არ არის", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.