„იმპოსტი ჰოლდინგის“ მმართველი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანური რესურსის დეფიციტი რჩება.
მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავეა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური ტენდენციის ნაწილია.
როგორც ახვლედიანი განმარტავს, პრობლემას მხოლოდ ანაზღაურების ზრდა ვერ აგვარებს, რადგან განვითარებულ ქვეყნებში პროფესიული ზრდისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობაა, რაც მიგრაციას კიდევ უფრო აძლიერებს.
„ეს არის კომპლექსური საკითხი და არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოს რომ შევხედოთ, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ხდება მიგრაცია. პოლონელები გერმანიაში გადადიან, გერმანელები ინგლისში მიდიან და მთელი აზია ცდილობს, უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ წავიდეს. ეს ხდება იმიტომ, რომ განვითარებულ ბაზარზე გაცილებით მეტად ფასდები და გაცილებით მეტია შესაძლებლობა, რომ უკეთესი პროფესიონალი გახდე", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისივე თქმით, სამშენებლო პროექტებში ხშირია უცხოური სამუშაო ძალის გამოყენებაც, რადგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება.
„როდესაც დიდ ტენდერში იღებ მონაწილეობას, ადამიანების ნაკადი უნდა გყავდეს, რომელიც უწყვეტად იმუშავებს. უნდა ხდებოდეს ამ ადამიანების ურთიერთჩანაცვლება, რადგან შეიძლება მაგალითად ვიღაც ავად გახდეს", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.
ახვლედიანი აღნიშნავს, რომ კომპანიები ახალგაზრდების დასაქმებას და გადამზადებას აქტიურად ცდილობენ და სხვადასხვა დასაქმების ფორუმშიც მონაწილეობენ, თუმცა კადრების მოძიება ისევ გამოწვევად რჩება.
"დარგი დღეს იხდის ალბათ სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე იხდიდა. სამუშაო ძალის ღირებულება, დაახლოებით 2010 წლიდან 2020 წლამდე არ შეცვლილა. თუმცა, 2020 წლიდან 2026 წლამდე შრომითი ანაზღაურება გაზრდილია მინიმუმ ორჯერ, ან სამჯერაც კი. მეტიც, წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდეც კი გაზრდილია ღირებულება", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.