logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მალე, თბილისს 150 000 კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე სივრცეები დაემატება - სად აშენდება ახალი ბიზნესცენტრები

თბილისში, ბიზნესცენტრების დატვირთულობა იზრდება. მზარდია მიწოდებაც, კერძოდ, როგორც Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების დეპარტამენტში აცხადებენ, კომერციულ და საოფისე ფართებზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლომდე, დედაქალაქს კიდევ 150 000 კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე სივრცეები დაემატება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელმა რამაზ შარაბიძემ   განუცხადა, სწორედ ამ ფართობის ბიზნესცენტრების მშენებლობაზეა გაცემული ნებართვები.

„აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების ძირითადი წილი მაინც საბურთალოზე მოდის, თუმცა უკვე ჩანს გარეუბნების ჭრილში ინტერესიც, მაგალითად, ბიზნესცენტრების მშენებლობა იგეგმება დიდ დიღომში, ნაძალადევსა და სამგორში. რაც შეეხება თბილისის საოფისე ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ მიწოდებას, ის 272 ათასს კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ძირითადად გადანაწილებულია ცენტრალურ უბნებზე - ვაკე, საბურთალო და მთაწმინდა. იჯარის ფასები კი ბიზნესკლასების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითისთვის, A Class-ის ბიზნესცენტრებში საიჯარო განაკვეთი მერყეობს 22-დან–24 დოლარის ფარგლებში, ხოლო B Class-ის ოფისებში 1 კვადრატულის ფასი საშუალოდ 18-20 დოლარია. უნდა ითქვას, რომ კომერციულ ფართებზე ფასები ყოველ წელს იზრდება, თუმცა მცირედი პროცენტული მაჩვენებლით, დაახლოებით, 2-დან 4%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა Colliers Georgia-ს კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელმა.

რამაზ შარაბიძის ინფორმაციით, ფასების მსგავსად, ბიზნესკლასების მიხედვით, განსხვავებული სურათია მოთხოვნის ნაწილშიც -  A კლასის ბიზნესცენტრებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და ამ ტიპის ბიზნესცენტრებს ბაზარი, დაახლოებით, 2-3 წელში ითვისებს. რაც შეეხება თბილისის ბიზნესცენტრების ვაკანტურობის ჯამურ კოეფიციენტს, ბოლო წლებში, ის სტაბილურად 8-10%-ის ფარგლებშია.

გამოგვყევით