logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ობიექტების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვა, ბიზნესს საკმაოდ დიდ წნეხად დააწვა"

ახალი რეგულაცია, რომელიც ობიექტების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვას გულისხმობს, ბიზნესს საკმაოდ დიდ წნეხად დააწვა, - ამის შესახებ "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ სოფიო ქაშაკაშვილმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-თან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციის შესრულება გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ადრე თუ გვიან საოპერაციო ხარჯებში აისახება.

"ეს რეგულაცია არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი რეგულაცია და არანაირი დირექტივა არ გვავალდებულებს. საკმაოდ მაღალი ხარისხის კამერების დაყენება მოგვეთხოვა ბიზნესს, თუმცა ამას აქვს კეთილშობილური მიზნები. ვეთანხმებით და რა თქმა უნდა, კრიმინალის აღმოფხვრის მიზნით ჩავერთეთ ამ ყველაფერში, თუმცა კარგი იქნებოდა ამ რეგულაციაზე ეტაპობრივად გადავსულიყავით.

მოგეხსენებათ, ჩვენს წევრებს აქვთ როგორც დიდი - XL ტიპის მაღაზიები, ასევე უბნის ტიპის მაღაზიები.  ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 1600-ზე მეტ ობიექტს. ყველა მათგანს  მინიმუმ 3 კამერა დასჭირდება. თითოეული კამერა 700-800 ლარი ღირს. 3000-ლარამდე მხოლოდ კამერები ჯდება და დამატებით საჭიროა მეხსიერების სერვერები. ასევე, როდესაც სამართალდამცავი ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი მოვა და გამოითხოვს ჩანაწერს, ჩვენ ჩვენივე ტექნიკური საშუალებებით უნდა ჩავუწეროთ და ეს კიდევ დამატებითი ხარჯია. გარდა ამისა, ზოგადად მთელ საქართველოში უნდა იყოს უწყვეტობა - უწყვეტი ინტერნეტი, დენის წყარო, რაც მაღალმთიან რეგიონებში გვიჭირს.  საჭიროა დამატებითი დენის წყარო, რაც დაახლოებით 1000 ლარი ჯდება. ჩვენი სექტორის და ასოციაციის წევრების მასშტაბით, მილიონობით ლარზეა საუბარი, რაც სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან  საოპერაციო ხარჯებში აისახება", - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ცნობისთვის, 1 იანვრიდან ობიექტებს, რომელთა ბრუნვა ნახევარ მილიონს აღემატება, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვა კანონით დაევალათ.

გამოგვყევით