კომპანია "ა-კოკო მზა"-მ, რომელიც ორგანულ ნაწარმს ფერმერებისგან ყიდულობს და სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქციის რეალიზაცია 20%-ით გაზარდა.
როგორც "ა-კოკო მზას"-ს დამფუძნებელი, ხატია ახალაია "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, კომპანიის შემადგენლობაში 10-მდე სახეობის პროდუქტი შედის, მათ შორისაა: კამეჩის რძე, სულგუნი, მაწონი, მთის თაფლი, სოფელში გაზრდილი ქათამი, მაჭიკზე დამზადებული იმერული ყველი და ა.შ. ამასთან, საშუალოდ თითოეული პროდუქტის თვიური გაყიდვები 30-დან 50 კგ-მდე მერყეობს.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ნედლეულის 80%-ს სამეგრელოში ადგილობრივი ფერმერებისგან იძენს.
"ნედლეულის კუთხით უფრო დეტალურად, რომ გესაუბროთ, ფერმერებთან ვთანამშრომლობთ და პროდუქტს ჩვენივე რეცეპტით ამზადებენ, შემდეგ ცხადია, ვამოწმებთ, ბრენდირებას ვუკეთებთ და სოციალური ქსელის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ვყიდით. ძირითადად ჩვენი პროდუქცია კამეჩის რძისგან მზადდება, თავიდანვე კონკრეტული ნიშა გვინდოდა დაგვეკავებინა - სურვილი გვქონდა, რომ საქართველოს მასშტაბით დეფიციტური პროდუქტი გაგვეყიდა. მოგეხსენებათ, ქართული კამეჩი გადაშენების პირასაა და შესაბამისად, ნედლეულიც ნაკლებია. ამასთან, ძროხის რძესთან შედარებით კამეჩის რძეში ქოლესტერინის დონე ბევრად დაბალია და გაცილებით უფრო სასარგებლო ნივთიერებისგან შედგება.
ორგანული ნაწარმი გვაქვს და შესაბამისად, კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვიც მზარდია. მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რომელიც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ყველაზე ხშირად ჩვენს პროდუქტს სამეგრელოში ყიდულობენ. პროდუქტის ფასის დიაპაზონს, რაც შეეხება ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთი და იმავე ნიშნულზე გვქონდეს, მაგალითად, კამეჩის სულგუნი 1 კგ 30 ლარი ღირს", - აღნიშნავს "ა-კოკო მზა"-ს დამფუძნებელი.
ხატია ახალაია საქართველოში ონლაინ ბაზრის აქტუალობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით პროდუქციის გაყიდვა სულ უფრო პოპულარული ხდება.
"ბევრმა ბიზნესმა, რომელიც ნედლეულს სოციალურ ქსელის მეშვეობით ყიდის მომხმარებელი დაარწმუნა, რომ პროდუქტის მსგავს პლატფორმებზე შეძენა საშიში არ არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნედლეულის ონლაინ შეძენა ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ტრადიციულ ბაზარში სიარული. ჩვენნაირ ბიზნესებს, რომლებიც მომხმარებელს პირდაპირ ფერმერის ჯანსაღ ნედლეულთან აკავშირებს მზარდი ტენდენცია აქვთ. სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება მუდმივად ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, ასორტიმენტის გაზრდას კი არ ვაპირებთ, რადგან დიდი ძალისხმევაა საჭირო, შესაძლოა, ხარისხი დაგვივარდეს", - აცხადებს ხატია ახალაია.
ცნობისთვის, "ა-კოკო მზა", რომელიც 10-მდე სახეობის ორგანულ ნაწარმს ონლაინ პლატფორმაზე (ძირითადად FACBOOK-ზე) ყიდის ადგილობრივ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს.