logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პროდუქტი ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში იყიდება, თუმცა მოთხოვნა შემცირებული არ არის" - "კახური ტრადიციული ჩურჩხელა"

"კახური ტრადიციული ჩურჩხელას" დამფუძნებელი მარიამ ქევხიშვილი 2025 წელს აჯამებს. მისი თქმით, მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში იყიდება.

როგორ მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, არსებული კონკურენციის გარდა, კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

"კომპანიას განვითარებისთვის ფინანსური რესურსები სჭირდება. რამდენჯერმე ბანკსაც მივმართეთ, თუმცა საბანკო დაფინანსებით ვერ ვსარგებლობთ, რადგან ძალიან მაღალი პროცენტია ბიზნეს სესხებზე. შესაბამისად, წარმოების გაზრდასა და დახვეწას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ. 

ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, მაგრამ ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. აღნიშნულ თანამშრომლობაში გადავაწყდით გამოწვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ კომპანიები თანხებს დროულად არ რიცხავდნენ. საქართველოში ძალიან დასახვეწია ბიზნესურთიერთობები და აქედან გამომდინარე, ყველასთან შევწყვიტეთ პარტნიორობა. აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლის მცდელობაც გვქონდა. ისინი თავად დაგვიკავშირდნენ, თუმცა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პირობა, რომ პროდუქტი მოკლე ვადაში უნდა ყოფილიყო გაწერილი და მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა გაყიდულიყო და ობიექტი ახლიდან მომარაგებულიყო. 

აღსანიშნავია, ისიც რომ მოსავლის კუთხით საკმაოდ რთული წელი იყო სოფლის მეურნეობის სექტორისთვისაც, იყო გარკვეული პრობლემები როგორც ყურძენთან მიმართებით, ისე თხილის კუთხით. ბაზარზე ხარისხიანი თხილი არ იყო და შესაბამისად, ჩვენ თხილის ჩურჩხელა ამ ეტაპზე არ გვაქვს. საბოლოო ჯამში, 2025 წელს ჩვენი წლიური წარმადობა დაახლოებით, 15 000 ჩურჩხელაა. 

დღეს ბაზარზე ნამდვილად არ არის მარტივი, რომ ხარისხიანი და კარგი ჩურჩხელა იყიდო. ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ნიგვზის ხარისხი. ჩურჩხელის მწარმოებლები ძირითადად არ ყიდულობენ ქართულ ნიგოზს, ბაზარზე უამრავი ალტერნატივაა, რომელიც გაცილებით უფრო იაფი ღირს. ჩვენ რამდენიმე ქარხანასთან ვთანამშრომლობთ, საიდანაც ქართულ ნიგოზს ვიღებთ, რომელიც გემოვნური თვისებებით და ხარისხით გამორჩეულია", - აცხადებს მარიამ ქევხიშვილი. 

"კახური ტრადიციული ჩურჩხელას" დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიისთვის 2026 წელს მთავარი მიზანი ისევ ფინანსების მოძიება და წარმოების განვითარება იქნება.

ცნობისთვის, "კახური ტრადიციული ჩურჩხელა" კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩურჩხელას 2019 წლიდან აწარმოებს და ამ ეტაპზე მათ 4 სახეობის ჩურჩხელა აქვთ. 

გამოგვყევით