logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართულ ბაზარზე სიმინდის მარცვლეულისგან დამზადებული შაქარი გამოჩნდა, რომელიც ხელს უშლის წონაში მატებას

„ნაკლები კალორია, მეტი სარგებელი“ - ამ სლოგანით ქართულ ბაზარზე სიმინდის მარცვლეულისგან დამზადებული „შაქარი მარგებელი“ გამოჩნდა, რომელიც არ არის კალორიული და ხელს უშლის წონაში მატებას.

ახალი ქართული პროდუქტის შესახებ „საქართველოს რადიოს“ პირდაპირ ეთერში, „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკის ფარგლებში, გამოყენებითი მეცნიერებების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ ისაუბრა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული „შაქარი მარგებელი"-ს შექმნის პროცესში.

„უკვე 4 თვეა, რაც „შაქარი მარგებელი“ სარეალიზაციო ქსელში გამოჩნდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოში ყოველწლიურად შაქრის უსაზღვრო რაოდენობა შემოდის, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი შაქარს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, რომ სტანდარტული შაქარი ჯანსაღი ალტერნატივით ჩაგვენაცვლებინა. „შაქარი მარგებელი“ სუფრის შაქრისგან განსხვავებით, ნაკლებ კალორიულია, სისხლში გლუკოზის მატებას არ იწვევს და არც სპეციფიკური გემო აქვს. მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად, ასევე, დიაბეტის ტიპი 2-ისა და ინსულინრეზისტენტობისასაც“, - აღნიშნა ნუგზარ ჯოგლიძემ.

მისივე თქმით, სიმინდის მარცვლეულისგან დამზადებული „შაქარი მარგებელი“ არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც არ იწვევს სისხლში გლუკოზის მატებას.

„მისი შემადგენელი კომპონენტების უსაფრთხოება კი დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით, მათ შორის ჯანმოს (WHO) მიერ. მეტიც, შაქარი მარგებელი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესშიც. იმის გამო, რომ იგი ბუნებრივ შაქარზე 6-ჯერ უფრო ტკბილია, შეგიძლიათ ბევრად ნაკლები რაოდენობით მოიხმაროთ“, - განმარტა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „შაქარი მარგებელი“-ს წარმოებისას ხდება სიმინდის ფერმენტაცია, რომლის დროსაც იწმინდება სახამებლისგან და კიდევ სხვა ნივთიერებებისგან, რომელიც არ არის რეკომენდებული.

„შაქარი მარგებელი“ სიმინდის მარცვლის ფერმენტაციისგან მიიღება, რომელიც 99%-ით ტრეჰალოზისგან, ხოლო 1 %-ით სუკრალოზისგან შედგება და არ შეიცავს სახამებელს - ის დაშვებულია დიაბეტის ტიპი 2-ის დროსა და ინსულინრეზისტენტობისას. "შაქარი მარგებელი"-ში შემავალი ტრეჰალოზა საკვებ პროდუქტად აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ, რის გამოც, როგორც ნებისმიერი სახის შაქრის, მისი მიღება ექიმის გარეშე შეგიძლიათ. „შაქარი მარგებლის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია თსსუ-ს ფარმაკოლოგიური და სამკურნალო საშუალებების კვლევის ცენტრისა და თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის მიერ“, -  განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნუგზარ ჯოგლიძემ.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, ეს პროდუქტი ახალია და მის მიმართ ცნობიერება მაღალი არ არის, რეალიზაცია მარტივად და სწრაფად არ ხდება, თუმცა, ნუგზარ ჯოგლიძე ფიქრობს, რომ ეტაპობრივად, „შაქარი მარგებელი“ შეძლებს ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლოს სტანდარტული შაქარი.

ამჟამად, „შაქარი მარგებელი“ როგორც ონლაინ, ისე რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდება, მათ შორის, „გვირილაში“, „გუდვილში“, „ფრესკოსა“ და „აგრომანიაში“. მისი ღირებულება კი, სხვადასხვა შეფუთვიდან გამომდინარე, დაახლოებით, 9-დან 20 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება წარმოებას, პროდუქტი თბილისში იწარმოება, ნედლეულის ნაწილი იმპორტირებულია, ნაწილი კი - ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვება.

გამოგვყევით