logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართველი ავტოდილერები საახალწლოდ ავტომობილების გაყიდვების შემცირებას ელიან

ქართველი ავტოდილერები საახალწლოდ ავტომობილების გაყიდვების შემცირებას ელოდებიან - როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ალექსი ნონიაძემ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, ავტობიზნესში ყველაზე აქტიური პერიოდი, რეალიზაციის კუთხით, ზაფხულია და ეს პერიოდი ახლა უკვე დასრულებულია.

„რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, ხალხს საახალწლო სამზადისი აქვს და შესაბამისად, სხვა ხარჯები, ამიტომ მანქანების რეალიზაცია მცირდება ხოლმე“, - აღნიშნა ნონიაძემ.

მან ადგილობრივ ბაზარზე არსებულ საავტომობილო პროფიციტზეც ისაუბრა, რომელიც ბაზარზე მთელი 2024 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად ეს პროფიციტი ნელ-ნელა აღმოფხვრისკენ მიდის.

„ზოგიერთი მოდელის ავტომობილები სრულად გაიყიდა და მათზე შეიძლება დეფიციტიც კი შეიქმნას, ზოგი მოდელი - კი კვლავ დიდი რაოდენობით რჩება გასაყიდი. ბაზარზე ჭარბად დაგროვილი 60 ათასი ერთეული ავტომობილიდან, ერთი მესამედი რჩება გასაყიდი“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

როგორც ასოციაციაში, ისე ავტოიმპორტიორ კომპანიებში ელიან, რომ საავტომობილო პროფიციტი ქვეყანაში მომდევნო წლიდან სრულად აღმოიფხვრება და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი აღდგება.

რაც შეეხება ავტომობილების ფასებს, სექტორში ამბობენ, რომ მკვეთრი მერყეობები არ შეინიშნება და მანქანების ღირებულება სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პორტალ AUTO.GE -ზე განმარტავენ, რომ ქართველი მომხმარებლები უპირატესობას 3-დან  6 ათას დოლარამდე ღირებულების, ჰიბრიდის ტიპის ავტომობილებს ანიჭებენ და ყველაზე დიდი რაოდენობით მათ ვებგვერდზე სწორედ ამ ტიპის ავტომობილები თავსდება.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4,3%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში იმპორტირებულია 2,7  მლრდ დოლარის ღირებულების ავტომობილი.

გამოგვყევით