logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რითეილ ასოციაცია" ირაკლი კობახიძეს განცხადებით პასუხობს

"რითეილ ასოციაცია" ირაკლი კობახიძეს განცხადებით პასუხობს

1766569140

"რითეილ ასოციაცია"  ირაკლი კობახიძეს განცხადებით პასუხობს. 

"რითეილ სექტორი მუდმივად მოქმედებს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების შესაბამისად და წლების განმავლობაში ღიად და არგუმენტირებულად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც FMCG სექტორის წინაშე დგას.

ჩვენი პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა როგორც საჯარო კომუნიკაციის ფარგლებში, ისე პროფესიულ დისკუსიებსა და სამუშაო ფორმატებში. ასოციაცია სრულად არის ღია სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებთანაც გვაკავშირებს პარტნიორული და კონსტრუქციული თანამშრომლობა. სექტორი ფუნქციონირებს მკაცრი ფინანსური დისციპლინის პირობებში — ფინანსური ანგარიშგება საჯაროა, ხოლო კომპანიებს აქვთ ფინანსური აუდიტის ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტესა და სანდოობას, აღნიშნულს კი ბოლო პერიოდის სიღრმისეული და კომპეტენტურ კვლევებზე დაფუძნებული ანალიზიც ამყარებს.

ამ კონტექსტში, ასოციაცია და მისი წევრები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, პრემიერ-მინისტრთან უშუალო დიალოგის ფარგლებში დეტალურად განიხილონ ყველა ციფრი, მათ შორის მათი წარმომავლობა, სტრუქტურა და ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მაჩვენებლებზე.

ასოციაციას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საბანკო საკომისიოები, ასევე, რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ზრდა, რომლებიც პირდაპირ აისახება საბოლოო მომხმარებელზე. მიგვაჩნია, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სტრუქტურირებული დიალოგი წარმოადგენს საუკეთესო გზას არსებული გამოწვევების ერთობლივი გააზრებისა და ორმხრივი კონსენსუსის მიღწევისათვის. სწორედ ასეთი თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თანაბრად გაითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ რეალობას, ისე სოციალურ პასუხისმგებლობას.

ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და საკუთარი ექსპერტიზითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით ხელი შეუწყოს მომხმარებლისა და ბიზნესის კეთილდღეობას,"-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

გამოგვყევით