logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"IMF-ი ამბობს, რომ ეს იქნება ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი" - გიორგი აბაშიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

"IMF-ი ამბობს, რომ ეს იქნება ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი" - გიორგი აბაშიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე

1772609400

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი  (IMF) ამბობს, რომ ეს იქნება ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი და სამუშაო ადგილების შექმნის დადებითი შესაძლებლობა“ -  ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“  Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების საკითხზე საუბრისას  განაცხადა.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამ ინვესტიციას უწოდებენ, როგორც საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიურად ზემოქმედების შესაძლებლობას.

„ხელშეკრულება ნამდვილად არ წამიკითხავს და თუ რატომ არ წამიკითხავს, ეკონომიკის სამინისტროსთან არის ალბათ კითხვა, რადგან არ არის გამოქვეყნებული და, შესაბამისად, ვერ წავიკითხავდი. მაშინ რატომ ვაკეთებ ამ დასკვნებს, ხელისუფლებას ვუჯერებ თუ არა? ერთი – არ მაქვს საფუძველი, არ დავუჯერო; მეორე – ეს ხელშეკრულება არ უნახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და იმავე დასკვნას აკეთებს, რასაც მე. არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება გვქონდეს პუნქტობრივად წაკითხული. მეორეა ანალიტიკური აზროვნება. ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები ჩემთვის გაცილებით ღირებულია, ვიდრე ამ საკითხის ოპონენტების ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახსენებენ ამ ინვესტიციას, როგორც პოზიტიურად ზემოქმედების შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკაზე.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნავს, რომ ჩვენ კი გავზარდეთ ეს მაჩვენებელი, მაგრამ საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ველოდებით ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ზრდის პროგნოზს კიდევ უფრო გადახედავს უპირატესი ნიშნითო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეს იქნება ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი და სამუშაო ადგილების შექმნის დადებითი შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, Eagle Hills-ის პროექტის განხორციელებით არსებული უმუშევრობის 10-პროცენტიანი შემცირება მხოლოდ მშენებლობის ეტაპზეა შესაძლებელი.

„საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სინამდვილეში ნერვიულობს არა მოჩვენებების გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილი. ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვესაუბრებოდეთ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ღირსეული სამუშაო ადგილი. ამ ხელისუფლების და ჩვენი, მათ შორის, ბიზნესსექტორის ვალდებულებაა, უზრუნველყოფილი იქნეს ღირსეული სამუშაო ადგილები ან შეთავაზებული იქნეს წინადადებები, მათ შორის,  ხელისუფლებისთვის, რა გავაკეთოთ  ქვეყანაში დასაქმების გასაუმჯობესებლად.

დღევანდელი მაჩვენებლებით უმუშევრობის მაჩვენებელი არის 224 000 ადამიანი, 2012 წელს თუ შევადარებთ, განახევრებულია. მიუხედავად ამისა, მაღალი მაჩვენებელია, პროცენტებში აისახება, როგორც 13.9. „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 6.6 მილიარდის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ 24 000 სამუშაო ადგილს განხორციელების სტადიაზე. ანუ, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არსებული უმუშევრობის 10-პროცენტიანი შემცირება მხოლოდ მშენებლობის ეტაპზეა შესაძლებელი.

8 000-ს თუ დავუმატებთ კიდევ ამ მაჩვენებელს, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 200 000-იან ზღვარს ვცდებით პირველად ისტორიაში. პირველად ისტორიაში ეს იქნება, ჯამში, უმუშევრობის დაახლოებით 15-17-პროცენტიანი შემცირების შესაძლებლობა. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვსაუბრობთ, ვინ დასაქმდებიან, გავიხსენოთ კანონმდებლობა გამკაცრებულ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, რამდენად არის გაკეთებული აქცენტი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე დიდი და მთავარი საზომი ქვეყანაში – მშპ. ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციის ეფექტზე, რომელიც არის 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალოდ წელიწადში მილიარდის შემოსვლაზე. ექვსი მილიარდ-ნახევარი, ექვსი მილიარდ შვიდასი მილიონი უწერია, სხვათა შორის, ბოლო მაჩვენებლით. ექვსი მილიარდ შვიდასი მილიონი ფიზიკურად ვერ შემოვა ასე დაუყოვნებლივ  და საშუალოდ ლაპარაკია მილიარდის ფარგლებში. მილიარდის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტი წლიურად შეიძლება შემოვიდეს.

იცით, რამდენი აქვს, მაგალითად, რუსეთს, რომელიც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს მაინც საჩვენებლად მიაჩნია? 2026 წელს 1 პროცენტი ზრდა. რაც რუსეთს აქვს ზრდა 1-პროცენტიან ჭრილში, თუ პროცენტში ავიღებთ და არა აბსოლუტურ ციფრებში, მხოლოდ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის ერთწლიანი შემოსვლა უზრუნველყოფს. სხვა ინვესტიციებზე აღარ ვსაუბრობ. ევროკავშირის და ევროპის საშუალო მაჩვენებლის ზრდა არის 1.4 პროცენტი, შეერთებული შტატების მაღალი, 2-ზე ზემოთ და ა.შ.

ციფრობრივ ჭრილში ლაპარაკია 500 მილიონის შემოსვლაზე გადასახადების სახით, 200 მილიონის შემოსვლაზე, ამ შემთხვევაში, მოგების სახით. 700 მილიონზე ვლაპარაკობთ ჩვენ წლის განმავლობაში. მხოლოდ ჩემით არ ვამბობ, რომ ეს რეალისტურია, ჩამოვთვალე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და თუ მაგათ უნდა ვეჭიდაოთ ციფრობრივ დათვლებში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სივრცეში, ვეჭიდაოთ.

მარტო მოგების სახით 200 მილიონზე როცა ვლაპარაკობთ, ვიცით თუ არა, რომ გარემოს დაცვის პროგრამები საქართველოში სულ 200 მილიონით ფინანსდება? მხოლოდ მოგების სახით მოდის 200 მილიონი. როცა ვლაპარაკობთ 500 მილიონზე, საბიუჯეტო შემოსავალზე, ვიცით თუ არა, რომ საქართველოში წელიწადში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა არის 270 მილიონი? ანუ, ორი წლის კონტრიბუციით, ორჯერ მეტი კონტრიბუციით ფინანსდება. როცა ვლაპარაკობთ 700 მილიონზე, ვიცით თუ არა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები საქართველოში სულ 640 მილიონით ფინანსდება? 700 მილიონის წლიური შემოსავალი ნიშნავს მთელი სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებას, ერთად აღებულს.

ორი მხარე ჰყავს ამ შეთანხმებას და ორმა მხარემ წარმოადგინა ეს ციფრები, ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში არ მოვიდა.

რაც შეეხება წარმატებულ პროექტებს, იმდენად მაინტერესებდა ეს პროექტი, მე, როგორც „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ ხელმძღვანელი, ჩავედი სერბეთში, შევხვდი ადგილობრივ წარმომადგენლებს. თუ რა იყო ადგილობრივი შეხვედრის ნაწილი, როცა მეტყვით, სერბეთი არ ვარგაო, შემდეგ მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე განმარტებით, უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენა უპირატეს შემთხვევაში ხდება საინვესტიციო მიზნით.

„საინვესტიციო მიზნით უძრავი ქონების შეძენა ნიშნავს, რომ საქართველო არის მიმზიდველი ამ კუთხით, რომ მათ ქონება იყიდონ საინვესტიციოდ, გასაქირავებლად, მათ შორის, შესაძლებელია, ადგილებში, რომლებსაც საქართველოს და/ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები ქირაობენ. აქაც ფობიები არაფერ შუაშია. თუ ავიღებთ გასული წლების მაჩვენებელს, მხოლოდ ოთხ წელიწადში უცხოელებმა შეიძინეს 60 000 ბინა და უდიდესი ნაწილი არის საინვესტიციო“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ,  საქართველოში Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.  საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.

პროექტში  დაგეგმილია $6.5 მილიარდი დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. 

გამოგვყევით