„იმპოსტი ჰოლდინგის“ მმართველი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებისა და სამშენებლო რეგულაციების რეფორმა იმ რეალობამ განაპირობა, რომ არაერთი ტენდერი საბაზრო ფასებთან შეუსაბამობის გამო შეჩერდა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ღირებულებები ხშირად ვერ პასუხობს რეალურ სამშენებლო ხარჯებს, მაშინ როცა ბაზარზე როგორც სამომხმარებლო პროდუქტის, ისე სამშენებლო მასალებისა და მომსახურების ფასები მუდმივად იზრდება.
"ჩვენ, როგორც მოქალაქეები საბაზრო ღირებულებით ვყიდულობთ ყველაფერს. სამომხმარებლო პროდუქტსაც კი ვერ იყიდით საბაზრო ღირებულებაზე იაფად, არა თუ სამშენებლო მომსახურებას. სამომხმარებლო კალათის ფასები იზრდება და ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. ეს ღირებულება უნდა აისახოს შესყიდვის ფასზეც, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო დამკვეთის მხრიდან. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ თუ გვაქვს არჩევანი ადეკვატური ფასის გადამხდელ კერძო დამკვეთს და დაბალი ფასის გადამხდელ სახელმწიფოს შორის, მე მგონი არჩევანი ნათელი იქნება",- აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებისა და სამშენებლო რეგულაციების მასშტაბურ რეფორმას ამზადებს, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო ხარჯების ლიმიტების ზრდას, ფასების ინდექსაციის მექანიზმის დანერგვას და ტენდერებში პასუხისმგებლობისა და კონტროლის გამკაცრებას.