საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფდა და ფასების კლება კვლავ გაგრძელდება, - ასეთია ანალიტიკოსების მოლოდინი. მათივე ინფორმაციით, გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი, რომელიც 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა, უკვე კლების ტენდენციას აჩვენებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, ტრანსპორტირების ტარიფი პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 7-8%-ით არის შემცირებული.
„ფასების კლება დაწყებულია, თუმცა ეს შემცირება უმნიშვნელოა, რადგან წითელ ზღვაში კრიზისის დაწყებიდან ზუსტად 2 კვირის ვადაში, საკონტეინერო გადაზიდვები, ფაქტობრივად, 100 პროცენტით გაძვირდა. ამიტომ, ეს 7-8%-იანი კლება მთლიან სურათს ვერ შეცვლის“, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.
მან იმ ახალ მარშრუტზეც ისაუბრა, რომლითაც გადამზიდავმა კომპანიებმა სუეცის არხი დროებით ჩაანაცვლეს.
„ბიზნესოპერატორებმა ახალ მარტშრუტზე გადაწყობა სრულად შეძლეს, საქმე ეხება აფრიკულ გზას. როგორც იცით, წითელ ზღვაში კრიზისი სავაჭრო გემებზე ჰუსიტების გაზრდილმა თავდასხმებმა შექმნა, რის გამოც, დღეს გემების დიდი ნაწილი უპირატესობას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ანიჭებს, რამაც გზა დააგრძელა და გადაზიდვებიც გააძვირა. ამ მარშრუტის პირობებში, ტარიფების მკვეთრად შემცირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან გაზრდილი მანძილი მეტ საწვავს მოითხოვს, ამას ემატება დაზღვევის ხარჯებიც. ამ დროისთვის, 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 4500 – 5500 დოლარის ფარგლებშია, თუმცა ყოველთვის კარგი ტარიფი ითვლება ხოლმე 2200-3000 დოლარი“, - განმარტა COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა.
რაც შეეხება კონტეინერების რაოდენობას, გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ ამ კუთხით, სექტორისთვის 2023 წელი მათთვის რეკორდული აღმოჩნდა და საკონტეინერო ბრუნვა 75%-76%-ითაც კი გაეზარდათ. მისივე განმარტებით, 2024 წელიც პოზიტიურად დაიწყო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კონტეინერების რაოდენობაში ზრდა აქვთ.
ცნობისთვის, PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ თითქმის 694 ათასი ერთეული შეადგინა. რაც შეეხება კონტეინერების წონას, ის წლიურად 20%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის თანახმად, ტვირთების გადაზიდვის და კონტეინერების რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის გადაზიდვებზე სანქციების დაწესებას, რამაც მათი საქართველოს მარშრუტზე გადმოტანა გამოიწვია.