logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სასტუმრო "სანსეტ შოვი" "ალდაგისთვის" რეპუტაციული ზიანის მიყენებას ცდილობს" - "ალდაგი" "სანსეტ შოვის" განცხადებას ეხმაურება

"სასტუმრო "სანსეტ შოვი" "ალდაგისთვის" რეპუტაციული ზიანის მიყენებას ცდილობს" - "ალდაგი" "სანსეტ შოვის" განცხადებას ეხმაურება

1742475757

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელსაც „ბიზნესპარტნიორი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიერ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მისამართით უპასუხისმგებლოდ გამოქვეყნებული დაუსაბუთებელი ბრალდებების პასუხად, გვინდა განვმარტოთ რამდენიმე საკითხი:

1. „სანსეტ შოვისთვის“ შეთავაზებულია 1.5 მილიონი ლარზე მეტი, რომელიც დათვლილია და ეფუძნება დამოუკიდებელ საექსპერტო დასკვნებს და ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

2. „სანსეტ შოვი“ უარს აცხადებს ანაზღაურების მიღებაზე იმ მოტივით, რომ მას არ უღირს ნაკლები ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტზე სასტუმროს აღდგენა

3. პოლისი, რომელიც „სანსეტ შოვს“ ჰქონდა შეძენილი, ფარავდა იმ ფიზიკური დაზიანების აღდგენას, რამდენიც დადგებოდა გარკვეული რისკების შემთხვევაში და ამ რისკებს შორის იყო მეწყერი

4. არაერთი ექსპერტიზა ადასტურებს, რომ შენობა მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა და სრულად ექვემდებარება აღდგენას.

5. ჩვენთვის გაუგებარია შენობის სრული ანაზღაურების მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიისგან მაშინ, როდესაც ტურისტული პოტენციალის მიხედვით ანაზღაურების გაცემის პრაქტიკა მსოფლიოში არ მოიძებნება.

6. ამასთან, კომპანიას არ ჰქონია შეძენილი ბიზნესის შეფერხების რისკებიც, რომელიც დაეხმარებოდა დამატებით თანხები მიეღო ბიზნესის შეჩრების გამო, მხოლოდ გარკვეული დროით, რასაც ასევე ადგილი არ ჰქონია.

7. „სანსეტ შოვს“ დაზღვეული ჰქონდა მხოლოდ შენობის ფიზიკური დაზიანება, შესაბამისად კურორტის განვითარებასთან დაკავშირებული გეოლოგიური და ტურისტული გარემოებები სანსეტ შოვის პოლისთან კავშირში არ არის.

8. „სანსეტ შოვის“ მიერ გავრცელებული განცხადება, იმ პირობებში როდესაც მხარეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს "ალდაგისათვის" რეპუტაციული ზიანის განზრახ მიყენების, მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას.

9. ჩვენთვის ყველა ბიზნესი თანაბრად მნიშვნელოვანია, და ამას საქმით ვამტკიცებთ არსებობის 35 წლის განმავლობაში. ვისურვებდით, რომ სანსეტ შოვის მენეჯმენტიც საკითხს მიუდგეს პროფესიონალურად და ეთიკურად,“-ნათქვამია სადაზღვევო კომპანია ‘ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სასტუმრო „სანსეტ შოვი“ უახლოეს მომავალში სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმრო „სანსეტ შოვში“ განუცხადეს.

შეგახსენებთ, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ პირველი განცხადება 2024 წლის ოქტომბერს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდიდა. თუმცა მოგვიანებით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და დაასახელა კონკრეტული თანხა 1.5 მილიონი ლარი, რომელიც შეთავაზებული იყო კომპანიის მხრიდან, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 

"ალდაგის" ინფორმაციით, "სანსეტ შოვს" დაზღვეული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, კოტეჯები და ინვენტარი, თუმცა პოლისი ბიზნესის შეფერხების რისკებს არ ფარავდა.

გამოგვყევით