logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლუდის ბაზარი გაიზარდა, ქვეყანაში 133 მლნ ლიტრი ლუდი იწარმოება" - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ლუდის  ბაზარი გაიზარდა და დღეს ქვეყანაში, 1 წლის განმავლობაში, 133 მლნ ლიტრი ლუდი იწარმოება.

როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, 10 წლის წინ ქვეყანაში მინიმუმ 15%-ით ნაკლები ლუდი იწარმოებოდა. 

"ყველაფერი დინამიკურად იზრდება. როგორც წესი, ჩვენი ბაზარი ეკონომიკის ზრდას მიუყვება. 133 მილიონი ლიტრი, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით, 35 ლიტრს ნიშნავს - რაც კარგი მაჩვენებელია. ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად გვაქვს. ბაზარზე, ლუდის ინდუსტრიაში ბევრი მოთამაშე გვყავს, უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ინტერესი გაზრდილია. რამდენიმე მსხვილი ლუდსახარში საერთაშორისო კომპანიებმა იყიდეს. ჩვენთან ძალიან კარგი კონკურენტული გარემოა, ლუდის ინდუსტრიას საქართველოში ძალიან დიდი ნდობა აქვს", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

"ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ექსპორტის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით ტენდენცია მზარდია.

"ლუდი ლოკალური თემაა... ექსპორტზე კი გადის, სადაც საქართველოს იცნობენ, მისი კულინარია იციან, ჩვენს ქვეყანაში ნამყოფი არიან... თუ ჩვენ არ ჩამოვყალიბდით პრემიუმ და სუპერ პრემიუმ კლასის ბრენდებად, წარმოებაც ფართო მასშტაბით, რთული იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია მზარდია. მაგალითად „ნატახტარი“ უკვე 20 წლისაა, ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ინდუსტრიული წარმოებით საზღვარგარეთ ექსპორტზე გავიდეს. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ აღნიშნულ საქმეს წლები სჭირდება.

ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ტურისტებში დაუწერელი კანონია, როდესაც თქვენ, რომელიმე ქვეყანაში ჩადიხართ, ადგილობრივი წარმოების ლუდი უნდა გასინჯოთ და არა ძალიან ცნობილი ბრენდები. აქედან გამომდინარე, ვიზიტორების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ბრენდებზე, მაგალითად, „ნატახტარი“ ძალიან პოპულარულია. ჩვენი ფოკუსი კი, ჯერ ადგილობრივ მომხმარებლებზე გადის, შემდეგ კი საქართველოს სტუმრებია", - აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი საქართველოში ე.წ. ლუდის სეზონის გახსნის საკითხსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ სექტემბრის ბოლოს "ოქტომბერფესტი" ჩატარდება.

"რამდენიმე დღის წინ ე.წ. ლუდის სეზონი ოფიციალურად გავხსენით. მთელი ძალისხმევა, ნომერ პირველი ფოკუსი, მომხმარებლის სურვილებზეა მიმართული. ყველა ბრენდს სწორედ მომხმარებლებს ვარგებთ... ამ ეტაპზე, ბრენდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ასორტიმენტის თვალსაზრისით ძალიან ბევრი სიახლე გვექნება, ასევე ღონისძიებების მხრივ აქტიურები ვიქნებით", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

გამოგვყევით