logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სირაქლემების ფერმა - მომხმარებლები ფრინველებს დეკორატიული დანიშნულებით ყიდულობენ და მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს

მომხმარებლები ფრინველებს დეკორატიული დანიშნულებით ყიდულობენ და ამჟამად მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს,- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" მარტვილში მდებარე სირაქლემების ფერმა Ostrich Georgia-ში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, რაოდენობის კუთხით ყველაზე მეტი გაყიდვები ქათმის დეკორატიულ ჯიშებზე მოდის, ხოლო ფინანსურ ჭრილში -  სირაქლემებზე. 

"ფერმაში ორი სახეობის სირაქლემა, 3 სახეობის ფარშევანგი, 5 სახეობის ხოხობი, დეკორატიული იხვები, კაპიბარები, ენოტები, გედები, წეროები და ქათმები გვყავს. ხორცად არ ვყიდით, ჩვენი მიმართულება ცოცხლად გაყიდვაა. ტურისტული კუთხით, ჩვენთან ვიზიტორები უცხოელები არიან და ასევე, ხშირად ვსტუმრობთ სასკოლო ექსკურსიებს. რაც შეეხება უშუალოდ მომხმარებლებს თითქმის 100% ადგილობრივები არიან. ზოგიერთი მომხმარებელი ფრინველებს თავისი ეზოსთვის ყიდულობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სახორცედაც იყენებდნენ. 

ჩვენი ფერმა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და 2-3 წელია, რაც სირაქლემები კვერცხს დებენ. ჯერჯერობით ახლა დაიწყო სეზონი და მოთხოვნა უკვე არის. სირაქლემას 2-კვირიანი წიწილის ფასი 600 ლარია, ხოლო ფარშევანგის ღირებულება ჯიშზეა დამოკიდებული", - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, ფერმის ტერიტორიაზე Ostrich Georgia ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად აგრძელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კოტეჯების მშენებლობა წელს დასრულდება, ხოლო რესტორნის პროექტი, სავარაუდოდ, მომდევნო წელს განხორციელდება. 

"დაახლოებით, 10 დღეა, რაც ტურისტულ ჭრილში სტუმრების მიღება დავიწყეთ და შესაბამისად, დაკავშირებით არც განგვიცხადებია. 3 კოტეჯისთვის შენობა დასრულებულია და რემონტის ეტაპზე გადავდივართ. ამჟამად ფანჩატურები გვაქვს, სადაც ვიზიტორებს დროის გატარება შეუძლიათ. აღნიშნულის გარდა გვსურს, რომ ბავშვებისთვის გასართობი ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, მათ შორის, საქანელები და ა.შ", - აღნიშნავენ Ostrich Georgia-ში. 

ცნობისთვის, სირაქლემების ფერმა ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. Ostrich Georgia-მ ფრინველების კვერცხები ევროპიდან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს, ინკუბატორები  შეიძინეს და შედეგად, ყველა ფრინველი საქართველოში გამოიჩეკა.

გამოგვყევით