logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისის თიზ-ი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის და რეგიონული დისტრიბუციის ჰაბი გახდა" - სოსო ნიბლაძე

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელის "ზოტი ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებლის და თიზ-ის მმართველი პარტნიორის სოსო ნიბლაძის განცხადებით, თბილისის თიზ-ი ფაქტობრივად, ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისა და რეგიონული დისტრიბუციის ჰაბი გახდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, თბილისის თიზ-ში დღეს GDP სტანდარტის ფარმაცევტული საწყობი უკვე ოპერირებს, მეორე ანალოგიური პროექტი სერტიფიცირების პროცესს ასრულებს, ხოლო მესამის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.

"ჩვენ რამდენიმე ახალ მცირე ზომის საინვესტიციო პროექტთან შეთანხმება თითქმის მიღწეული გვაქვს, თუმცა სანამ ხელს არ მოვაწერთ, მანამდე არ გვსურს საუბარი. ეს არ არის მასშტაბური პროექტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თიზ-ის ტერიტორია 17 ჰა-ს მოიცავს და მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა, ჩვენი პირდაპირი მიზნობრივი სეგმენტიც მცირე და საშუალო ტიპის სამეწარმეო და სასაწყობე პროექტებია. ვესაუბრებით სხვადასხვა კომპანიას და უახლოესი 3 თვის განმავლობაში ჩავხურავთ ამ შეთანხმებებს. აღნიშნული პროექტები შეეხება ფარმაცევტულ სფეროს, სამშენებლო მასალების ინდუსტრიას, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა. ჩვენი კომუნიკაციის არხების საშუალებით მუდმივად გავდივართ მიზნობრივ კომპანიებზე, მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და წარმატების კოეფიციენტიც მოლაპარაკებების შედეგად ბევრად მაღალია, ვიდრე ადრე იყო, რადგან პრიორიტეტი ინვესტორების მოთხოვნების გათვალისწინება და მათ საჭიროებებზე მორგებაა. შესაბამისად, წარმატებული “ქეისების” პროცენტულობაც იზრდება.

ჩვენთან, პირველად თიზ-ების ისტორიაში უკვე განხორციელდა ერთი GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობე შენობის მშენებლობა, მეორეს სერტიფიკაციის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მალე დასრულდება. წლის ბოლომდე სავარაუდოდ, კიდევ ერთ პროექტს დავიწყებთ, რომელიც გულისხმობს თურქულ-აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად ასეთივე ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჯერჯერობით მესამე სასაწყობე სივრცის პროექტის საინვესტიციო ღირებულება არ არის ცნობილი, თუმცა, რაც შეეხება გასულ პროექტებს - პირველი პროექტში 2 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე პროექტში 1 მლნ. დოლარის. პროგრესის გათვალისწინებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის ფარგლებში თბილისის თიზ-ს უკვე გააჩნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული გამტარი ჰაბის ფუნქცია როგორც ფარმაცეფტული და FMCG-ის მიმართულებით", - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ცნობისთვის, თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს.

გამოგვყევით