logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისში,წლის ბოლომდე, მამაკაცის პარიკების მაღაზია გაიხსნება

კომპანია  "პარიკების ოთახი“ წლის ბოლომდე მამაკაცის პარიკების მაღაზიას გახსნის. ახალი სივრცე, სპეციალურად მამაკაცებისთვის, თბილისში, 300 არაგველების ქუჩაზე განთავსდება, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც ,,პარიკების ოთახის" არსებული (ქალბატონების ხაზი)  მაღაზია მდებარეობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვანცა ინასარიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყდა მამაკაცის პარიკების წარმოება, რის შესაძლებლობაც საქართველოს ბაზარზე აქამდე არ იყო.

,,მამაკაცის ხაზი გულისხმობს ისეთი ტექნიკის დანერგვას, რაც არ არსებობს საქართველოში. ეს არის იმპლანტი, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია. მამაკაცის თმის იმპლანტი სპეციფიკა განსხვავებულია:  თმის ღერები სათითაოდ არის ჩაქსოვილი თხელ სილიკონზე, რომელიც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაკრულ მდგომარეობაშია. შემდეგ უკვე მოხსნა და კორექტირება სჭირდება. მომხმარებელი დიდი ინტერესით გველოდება. საკმაოდ ბევრი მამაკაცი გვეხმიანება და ითხოვენ პარიკებს. მოთხოვნა აქამდეც იყო, მაგრამ ქართული ბაზარი ვერ აკმაყოფილებდა. ამიტომ დღეს თუკი ვინმეს იმპლანტი სჭირდება, გამოწერა ინტერნეტით უწევს, რაც გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში კი, იმპორტული პარიკი ლამინირებულია, არ არის ბუნებრივი თმისგან დამზადებული და ცოტა ხანს ძლებს. ჩვენს შემთხვევაში, შევეცდებით ქართველ მამაკაცებს უმაღლესი ხარისხის პარიკები შევთავაზოთ“, - განაცხადა გვანცა ინასარიძემ.

რაც შეეხება ფასს, როგორც ,,პარიკების ოთახის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, მამაკაცის პარიკების სავარაუდო ღირებულება იქნება 1000 ლარიდან ზემოთ, რასაც განსაზღვრავს სპეციფიკა და ხარისხი.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო „პარიკების ოთახი“  2022 წელს დაფუძნდა და ქალბატონებისთვის ნატურალური თმით სხვადასხვა სახეობის პარიკებს ქმნის.

საწარმო  თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. ამ დრომდე, სხვადასხვა დონორის მიერ, „პარიკების ოთახში“ 100 ათასი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. კომპანიაში 11 ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით