კომპანია "თილიმამ", რომელიც ხელნაკეთ სუფრებს ამზადებს, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, 50%-იანი ზრდა დააფიქსირა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, თამარ კენჭაძე აღნიშნავს, მოჭარბებულ კონკურენციას პროდუქციის ხარისხით და აქტიური მარკეტინგული ჩართულობით პასუხობს.
ამასთან, მცირე ბიზნესის წარმომადგენლის ინფორმაციით, "თილიმას" რეალიზაციის მიმართულებით დადებითი დინამიკა აქვს, რადგან დღეში მინიმუმ 10 სუფრას ყიდის.
"მაგიდის დეკორს ვამზადებ, კერძოდ, სუფრებს ვკერავ. ნედლეული მაღალი ხარისხისაა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, თურქეთიდან ჩამომაქვს, ნაჭრის შემადგენლობაში 65%-ი ბამბაა, ხოლო 35%-ი პოლიესტერი. გაყიდვების მიმართულებით დადებითი ტენდენცია გვაქვს, მომხმარებელთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა, რასაც მარკეტინგულ ჩართულობას და კმაყოფილ მომხმარებელს ვუკავშირებ, მყიდველი ხარისხს ყოველთვის ამჩნევს. მომხმარებლების 95% ადგილობრივ მომხმარებელზე მოდის, 5%-ს კი უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყიდულობენ. მყიდველების ძირითადი ნაწილი თბილისიდანაა, თუმცა რეგიონებიდან ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი აქტიურობს. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება 30 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს თამარ კენჭაძე.
"თილიმას" დამფუძნებელი სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე, ასორტიმენტის გაზრდას არ აპირებს.
"აღნიშნული ბიზნეს მიმართულების კუთხით დიდი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე ბაზარზე, რომ გადარჩე კონკრეტული სტრატეგიაა აუცილებელი. ჩემი აზრით, ბიზნესის წარმატებისთვის, პირველ რიგში, პროდუქციის ხარისხია მნიშვნელოვანი, მაგალითად, ჩვენს პროდუქციას 5 წლიანი გარანტია აქვს. ამასთან, ძლიერი მარკეტინგული ჩართულობაა აუცილებელი. ამ ეტაპზე, ასორტიმენტის გაზრდას არ ვაპირებ, რადგან ხარისხის ხაზის დაკარგვას გამოიწვევს. სამომავლოდ, შესაძლოა, ბაზრის კვლევა ჩავატარო და მოთხოვნიდან გამომდინარე სახლის თეთრეული დავამატო", - აღნიშნავს თამარ კენჭაძე.
ცნობისთვის, კომპანია "თილიმა" რომელიც ხელნაკეთ სუფრებს ამზადებს, ადგილობრივ ბაზარზე 2 თვეა ოპერირებს.