logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ციფრული მოგონებები საფლავის ქვებზე – "მემორას" QR კოდები გარდაცვლილთა ისტორიას ინახავს

ციფრული მოგონებები საფლავის ქვებზე – "მემორას" QR კოდიან მემორიალურ დაფებზე ინტერესი დიდია.როგორც კომპანია "მემორას" დამფუძნებელმა ანუკა ჯიჯიეშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ინოვაციური სერვისი საქართველოში სამი თვის წინ დაინერგა და ამ პერიოდში უკვე 50-მდე შეკვეთა მიიღეს.

მისივე თქმით, სერვისზე მოთხოვნა განსაკუთრებით შუა ასაკის მოქალაქეებში შეინიშნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მუშაობს და სწორედ აქედან წამოვიდა იდეაც. დავფიქრდით, რომ კარგი იქნებოდა, თუ საფლავის ქვაზე მხოლოდ სახელი და თარიღი არ დარჩებოდა და შესაძლებელი იქნებოდა გარდაცვლილის ფოტოებისა და ისტორიების ნახვა. ჩვენი მიზანია, რომ წინაპრებსა და ახალ თაობას შორის კავშირი არ დაიკარგოს,“ – აცხადებს ანუკა ჯიჯიეშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მემორიალური დაფები მზადდება უჟანგავი ფოლადისა ან ორგანული მინისგან, რაც მათ კლიმატური პირობების მიმართ გამძლეობას უზრუნველყოფს.

"დაფაზე განთავსებული QR კოდის სკანირებით შესაძლებელია გარდაცვლილის პერსონალურ გვერდზე გადასვლა, სადაც ახლობლებსა და მეგობრებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ ფოტოები, მოგონებები და ისტორიები. თუ ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების ეპოქაში და ირგვლივ ყველაფერი გაციფრულებულია, საფლავის ქვაზე QR კოდიანი მემორიალური დაფები ბევრისთვის უფრო მისაღები ფორმაა", – აღნიშნა ანუკა ჯიჯიეშვილმა.

სამომავლოდ "მემორა" სერვისის გაფართოებასაც გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, პლატფორმას დაემატება გენეოლოგიური ხის ფუნქცია, აგრეთვე საფლავის მარტივად მოძებნის შესაძლებლობა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კონკრეტული საფლავები სწრაფად იპოვონ.

გამოგვყევით