„მთელი ჭიათურის ეკონომიკა ამაზეა დამყარებული, აქ არ არსებობს ალტერნატიული სამუშაოები. თუ ადამიანები ამ სამსახურსაც დაკარგავენ, ფიზიკურად მოუწევთ სხვა ქალაქებში, ან სხვა ქვეყნებში წასვლა, რომ ოჯახები არჩინონ“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ჭიათურელმა მაღაროელმა, მერაბ სარალიძემ განაცხადა.
მან ჭიათურელი მაღაროელების პროტესტზე ისაუბრა, რომელიც უკვე 28-ე დღე გრძელდება და თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ მაღაროელებს მოუსმინოს.
„გადაჭარბების გარეშე ქალაქი არის განადგურების ზღვარზე. ამას ამყარებს კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" გადაწყვეტილებაც {სწორედ აღნიშნულ კომპანიას გადააბარა საწარმოების მართვა „ჯორჯიან მანგანეზმა“ }, რომელმაც საერთოდ შეაჩერა მაღაროებში მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და განაცხადა, რომ მხოლოდ ღია კარიერული წესით გააგრძელებს მუშაობას. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მაღაროებში დასაქმებული ადამიანების რიცხვი 3620-ს უტოლდება, ღია კარიერული წესით მოპოვებით სამუშაოებში კი, კომპანიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2000-ამდე ადამიანი დასაქმდება“, - აღნიშნა მერაბ სარალიძემ.
მისივე განმარტებით, გარდა დასაქმების საკითხისა, ჭიათურელები ეკოლოგიური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდებიან.
„ვერ დაიტევს ჭიათურა რომ ღია კარიერული წესით მუშაობა ასეთ ფართო მასშტაბებზე გავიდეს. ეს კატასტროფულ ზომამდე მიიყვანს ეკოლოგიას, ფიზიკურად ვერ შეძლებენ ადამიანები იქ სუნთქვას და ვერ იცხოვრებენ. ამიტომ, აუცილებლად უნდა დაგვიჯდეს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ჩვენი ხედვები გვაქვს, თუმცა სპეციალისტებმა უნდა მოგვისმინონ და ეს უნდა იყოს შესწავლილი კვალიფიციური ადამიანების მიერ, თუ რამდენად სწორი ხედვა გვაქვს. აშკარაა, რომ რასაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აკეთებს ჭიათურაში არის დადგმული სცენარი. არ მგონია, ისეთი უგუნურები იყვნენ, ასე მარტივად გაეკოტრებინათ ამხელა კომპანია“, - აღნიშნა ჭიათურელმა მაღაროელმა.
ცნობისთვის, ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი თბილისსა და ჭიათურაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
მოთხოვნაა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სამი თვის განმავლობაში გაუცემელი ხელფასების ანაზღაურება, წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენა, საწარმოების სახელმწიფოსთვის გადაცემა და „ჯორჯიან მანგანეზის“ რაიონიდან გასვლაა.
პროტესტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცოტა ხნის წინ მმართველმა კომპანიამ, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ფინანსური სირთულეების მოტივით მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოში გაკოტრების პროცედურა დაიწყო. სწორედ ამ კომპანიას გადააბარა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ერთი წლის წინ საწარმოების მართვა.
მაღაროელებს პრეტენზია აქვს პროფკავშირებთანაც, რომელიც პროცესში შუამავლად არის ჩართული.