logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

" ველოდებით, რომ ქირის ფასი შემცირებას განაგრძობს" - სალომე დეისაძე

ველოდებით, რომ ქირის ფასი შემცირებას განაგრძობს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ , „თიბისი კაპიტალი“-ს უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, 2023 წლის მაისიდან ამ დრომდე, ქირის ფასი კლების ტრენდს ინარჩუნებს, რაც იჯარაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. დეისაძის შეფასებით, ქირის ფასის კლება ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან მისივე განმარტებით, წინა წლებში, იჯარის ღირებულება არაბუნებრივად იყო გაზრდილი.

2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, საქართველოში მიგრანტების დიდი რაოდენობა შემოვიდა, რამაც ქირაზე არაბუნებრივად მაღალი მოთხოვნა გააჩინა. იმის გამო, რომ აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებდა, იჯარის ფასი სწრაფი ტემპით და მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. ახლა კი, მიგრაციული ეფექტი ამოწურულია და ქირის ფასი ლოგიკურ ნიშნულს უახლოვდება“, - განმარტა სალომე დეისაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო, ანუ აპრილის თვის მდგომარეობით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი შენარჩუნდა 10.7 დოლარზე. უნდა ითქვას, რომ 2024 წლის აპრილთან შედარებით ეს 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება უძრავი ქონების ამონაგებს, ის დარჩა 9%-ზე და ისიც წლიურ ჭრილში ასევე 1.6 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სალომე დეისაძე ამბობს, რომ სხვა აქტივებთან შედარებით, უძრავი ქონება საინვესტიციოდ კვლავ საინტერესო იქნება.

ქირის ფასისგან განსხვავებით, კვლავ ზრდის ტრენდს აჩვენებს გასაყიდი უძრავი ქონების ფასები. ასევე „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, თბილისში უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა კვადრატულზე 1,255 დოლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ფასების მატება ფიქსირდება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებითაც. აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, ანუ 1,914 დოლარი, ვაკეში დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვება მთაწმინდა 1,908 დოლარით.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, იანვარ-აპრილის ჯამური მდგომარეობით კლება ფიქსირდება, თუმცა მხოლოდ აპრილის თვის მაჩვენებლები ზრდის სურსათს აჩვენებს. კერძოდ, 2025 წლის აპრილში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 3,206-ს გაუტოლდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 0.4%-ით აღემატება.

საინტერესო სურსათია ძველი და ახალი ბინების ტრანზაქციებთან მიმართებით. „თიბისი კაპიტალის“ ცნობითვე, თბილისში აპრილში გაიყიდა 613 ახალი ბინა, რაც წლიურად 10%-იან კლებას აფიქსირებს. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 3%-ით გაიზარდა და 2,593 ბინას გაუტოლდა. უნდა ითქვას ისიც, რომ უფრო მარტივად, პატარა ფართის მქონე ბინები იყიდება. კერძოდ, 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 43%-ს შეადგენს. რაც შეეხება 125 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე ბინებს, ეს კატეგორია ჯამური გაყიდვების მცირე წილს, დაახლოებით 5%-ს იკავებს.

ბოლო მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, მოწინავე უბნებად - დიდი დიღომი, საბურთალო და ისანი ნარჩუნდება. ბინების გაყიდვების შესამჩნევი, თითქმის, 90%-იანი ზრდა დაფიქსირდა კრწანისში. რაც შეეხება ჩუღურეთს, გლდანს, დიდუბესა და სამგორს, ამ უბნებში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად შემცირებულია.

გამოგვყევით