logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ყაზახეთმა საქართველოს ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა

ყაზახეთმა საქართველოს ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა

1750147871

ქალაქ ატირაუში ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 

4-5 ივნისს ყაზახეთში, ქალაქ ატირაუში საქართველოს ბიზნეს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ბიზნეს-პარტნიორული კავშირების დამყარებას. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები: ინვესტიციების, ვაჭრობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებიდან, მათ შორის როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ქალაქ ატირაუს ოლქის ადმინისტრაციისა და საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას უწევდა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება. ასევე, აქტიურად ჩართულები იყვნენ გაერთიანების წევრი კომპანიები, მათ შორის ავიაკომპანია „Air Astana", რომელმაც თბილისი-ატირაუს მიმართულება მიმდინარე წლის მაისში დაამატა. ღონისძება „კაპიტოლ მენეჯმენტისა" და „ხალიკ ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმზე მონაწილეობდა 25 ქართული და 100-ზე მეტი ყაზახური ბიზნეს კომპანია. ქართულ კომპანიებს შორის იყო IDS Borjomi, GIG Holding, Nutrimax, Kairos Logistics, New Vision, Tourinvest Group და სხვა. ტურისტული კომპანიებიდან Discovery, Next Travel, და სასტუმროების მართვის კომპანია Hotel Collection International – HCI, ხოლო ღვინის მწარმოებელი კომპანიებიდან Mtevino და სხვა.

ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა გაესაუბრა ადგილობრივი ბიზნესისა და რეგიონის ადმინისტრაციის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან, წარედგინა საკუთარი ინიციატივები და განეხილა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. გაიმართა პრეზენტაციები და სამუშაო B2B შეხვედრები პოტენციური ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ყურადღება გამახვილდა ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური ლოგისტიკური მარშრუტების განვითარება, ენერგეტიკული კავშირები, აგროპროდუქციის ბაზრის დივერსიფიკაცია და ტურიზმის ერთობლივი პროგრამები.

ცნობისათვის, ატირაუ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ ჰაბს ცენტრალურ აზიაში. რეგიონი  იმ სამ ყაზახურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორისაა (ალმათი, ატირაუ, ასტანა), რომელთა წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტში აღემატება 10%-ს — ატირაუს შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 12.8%-ია. ამასთან, ატირაუ გეოგრაფიულად  საქართველოსთან ამ სამ რეგიონს შორის ყველაზე ახლოს მდებარეობს, რაც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ხარჯების შემცირების რეალურ შესაძლებლობას ქმნის.

რეგიონი არამარტო ნავთობისა და გაზის მრავალი საერთაშორისო პროექტითაა ცნობილი, არამედ სთავაზობს ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, გადამუშავება და ტურიზმი. ატირაუ ავითარებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩინეთს, კასპიის რეგიონს და ევროპას — რაც მას გარდამავალი ჰაბის ფუნქციას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარემოებები  განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის რეგიონს სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორის ქართული კომპანიებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე მზარდია მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორის სურსათზე, ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებზე, ფარმაცევტიკაზე, , რაც ფართო შესაძლებლობებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც. რეგიონული ხელისუფლება კი აქტიურად სთავაზობს უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს.

„საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარი მიმზიდველია და ბევრი მიმართულებით ასათვისებელი. ამისთვის კი საჭიროა ერთმანეთის ბიზნეს გარემო უკეთ ვიცნობდეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი. სულ ახლახან Air Astana-ს მხრიდან დაემატა პირდაპირი ფრენა ყაზახეთის კიდევ ერთი ქალაქიდან, ატიურაუდან. ანუ საერთო ჯამში ყაზახეთის 5 ქალაქიდან საქართველოს 3 დიდი ქალაქის მიმართულებით არსებობს პირდაპირი ფრენები. ასევე, გაიზარდა უკვე არსებული ფრენების რაოდენობაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქმისწარმოებასა და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ანალოგიური ბიზნეს-ფორუმები და B2B შეხვედრები კი მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინოვაციური იდეების გაცვლას და კერძო სექტორის აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას. ასევე, ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას", — განმარტავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ დაგეგმილია ანალოგიური ღონისძიებები საქართველოს  იმ დიდ ქალაქებში, საიდანაც პირდაპირი ფრენებია ყაზახეთის მიმართულებით. ყველა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთიდან და საქართველოდან იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებით, ტურიზმით და სხვა ეკონომიკური საქმიანობით, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ანალოგიურ შეხვედრებში, გაცვალოს პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაცია და გააცნოს საკუთარი შესაძლებლობები. ამისთვის კი აუცილებელია ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან წინასწარი კომუნიკაცია.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება www.kaz.ge

ელ.ფოსტა: info@kaz.ge




გამოგვყევით