logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ანათე" თბილისში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

"ანათე" თბილისში ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ ქალის თეთრეულის მაღაზია „ანათეს“ დამფუძნებელმა ანა ქურდაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ფართის მოძიების პროცესშია და სავარაუდოდ, ახალი ფილიალი გლდანის რაიონში გაიხსნება.

ანა ქურდაძის განცხადებით, "ანათეს" პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურია და 1 ფილიალით 2024 წლის მაჩვენებლებს თითქმის უტოლდება.

"2024 წელს "ანათეს" 3 ფილიალი ჰქონდა, მათ შორის, 2 თბილისში და 1 -  ბათუმში. ამჟამად, ჩვენ მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს და გაყიდვები თითქმის იგივეა. ძალიან მალე ბათუმში ისევ გაიხსნება ჩვენი ფილიალი, უბრალოდ ლოკაციის ცვლილება მოხდა, ხოლო რაც შეეხება თბილისს - ამ ეტაპზე ფართის მოძიების პროცესში ვართ. გვინდა, რომ გლდანის ტერიტორიაზე იყოს ახალი ფილიალი და შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ასორტიმენტს - ჩვენ ყველა ზომის მომხმარებლებისთვის გვაქვს პროდუქცია, მათ შორის, უკვე "პლუს საიზი" ქალბატონებისთვის. გარდა ამისა, დავამატეთ სპორტული ტანსაცმლის ხაზი და მოთხოვნა საკმაოდ არის. 

ამასთან, ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილი ისევ მამაკაცები არიან, რომლებიც საყვარელი ადამიანისთვის ყიდულობენ სასურველ ნივთს. ვფიქრობთ, რომ ბაზარზე მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსგავსი ტიპის პროდუქცია, ჩვენ მაინც გამორჩეულები ვართ, რადგან ჩვენთან ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი", - აცხადებს ანა ქურდაძე.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, სეზონურობიდან გამომდინარე, ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა საცურაო კოსტიუმების მიმართ არის.  

ცნობისთვის, "ანათემ" ფუნქციონირება პანდემიის დროს ონლაინ დაიწყო. ანა ქურდაძის ინფორმაციით, კომპანიას ჩინეთის ერთ-ერთ საწარმოსთან ხელშეკრულება აქვს დადებული და პროდუქციას სწორედ მათგან იღებს. 

გამოგვყევით