პარლამენტის დეპუტატი, გენდერული საბჭოს წევრი, ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ქალთა არაფორმალური დასაქმების აქტულიზაციასა და ამ კუთხით გამოწვევებზე სახელმწიფო დონეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მან გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, ქალთა არაფორმალურად დასაქმების აქტუალიზაცია გამოჩნდა განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანა კოვიდ პანდემიის წინაშე დადგა. შესაბამისად, დადგა საჭიროება ქვეყანას ჰქონოდა ინფორმაცია ადამიანებისთვის რა დახმარება იყო საჭირო. სწორედ მაშინ დაიწყო მუშაობა ოჯახში დასაქმებულთა სტატისტიკის შემუშავების, მათი უფლებლივი მდგომარეობის გაანალიზების შესახებ. ასევე რა უნდა გაკეთებულიყო სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების ჭრილში.
„აქედან გამომდინარე, მოგვეცა საშუალება გაგვეანალიზებინა ეს მონაცემები, რომელიც გვქონდა. როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა დახმარების პროგრამა, რაც გულისხმობდა პანდემიის დროს დასაქმების გარეშე დარჩენილი ადამიანების მინიმალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 255 000-მა ადამიანმა წარმოადგინა განაცხადი ამ საკითხზე, აქედან 70%-ზე მეტი ქალი იყო,რომელიც ოჯახში დამხმარედ, ძიძად და სხვა ვალდებულებებით მუშაობდა. აქედან 55%-მა ვერ დაასაბუთა თავიანთი შრომითი საქმიანობა სწორედ იმიტომ, რომ ისინი ეკონომიკის მიღმა იყვნენ.
შესაბამისად, დადგა საჭიროება იმისა, გვეფიქრა ამ კუთხით რა უნდა გაკეთებულიყო. შედეგად, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, რომ გვენახა რა უნდა გაკეთებულიყო ქართულ კანონმდებლობაში ისეთი, რომ ერთი მხრივ, ოჯახში დასაქმებულს ჰქონოდა უფლებრივი მდგომარეობა მოწესრიგებული, ესარგებლა იმ შეღავათით, რაც შრომითი კანონმდებლობით არის საქართველოში. ეს არის ანაზღაურებადი შვებულება, საპენსიო სქემებში ჩართვის შესაძლებლობები. მეორე მხრივ, დავხმარებოდით დამსაქმებელსაც", -აცხადებს წილოსანი.
მისივე ინფორმაციით, ასეთ დროს არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია დამსაქმებელიც გამომდინარე იქიდან, რომ მისთვისაც რთულია იპოვოს კვალიფიციური, მაღალი სერვისის მიმწოდებელი ადამიანი, რომელიც მას შრომით საქმიანობაში დაეხმარება.
"აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საკმაოდ კარგი რეკომენდაციები, რომლის შესრულების მოტივაციისკენ მოვუწოდოეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მოკლე დროში ჩვენ, ოჯახში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მათ შორის, საკანონმდებლო მოწესრიგების კუთხით",-აცხადებს ხატია წილოსანი.