logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ADB - საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026-ში 5%-ით

ADB - საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026-ში 5%-ით

1744180740

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვაში  გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6.0%-ით გაიზრდება. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე შედგა, ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ აქამდე არსებული ტარიფები. თუმცა, ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა სტაბილურია. ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი რეგიონული მდებარეობა და ეფექტიანად მართოს ქვეყნის სატრანზიტო და ენერგეტიკული შესაძლებლობები. ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, ციფრული სერვისების გაძლიერება და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება საქართველოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის", - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს ინფლაციის 4.0%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3.0%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. 2025 და 2026 წლებში სავარაუდოდ გაიზრდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, რადგან გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობამ, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე, მოსალოდნელია შეაფერხოს უცხოური ფინანსური ნაკადები.

აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგი 2025 წელს 3.9%-მდე გაიზრდება, რაც განპირობებული იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, თუმცა 2026 წელს ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდება. მრეწველობის ზრდა 2025 წელს 4.6%-მდე, ხოლო 2026 წელს 3.1%-მდე შემცირდება, სამშენებლო სფეროს შენელების ფონზე.

ნედლეულისა და ავტომობილების რეექსპორტი წამყვან პოზიციებს შეინარჩუნებს საქართველოს სასაქონლო ექსპორტში. მომსახურების ექსპორტის ზრდა 2025 წელს 12.8%-მდე შენელდება, ხოლო 2026 წელს 13.2%-მდე აღდგება. ფულადი გზავნილები, სავარაუდოდ, დამატებით 10%-15%-ით შემცირდება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლამდე არსებულ დონეს. საგარეო ვალი შემცირდება 2025 წელს მშპ-ის 25.0%-მდე და 2026 წელს 24.5%-მდე.

"საქართველომ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და მზარდი სატრანზიტო მოძრაობით და შეუძლია მეტად გაზარდოს შემოსავალი განვითარებულ ეკონომიკებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან და აზიასთან, უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. მდგრადი ტრანსპორტის, განახლებადი ენერგიისა და ციფრული სერვისების მიმართულებით უწყვეტი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო კავშირების გაფართოებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას, ხოლო რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც ენერგეტიკული რესურსების დაბალფასიანი სატრანზიტო დერეფნის პოზიციონირებისთვის, აუცილებელი იქნება პარტნიორობის გაძლიერება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ევროკავშირთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან,"- აღნიშნულია ADB-ის ანგარიშში. 

გამოგვყევით