logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

1725348357

2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 პროცენტით მეტია.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი კი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.0 პროცენტი, საშუალოზე - 24.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 29.7 პროცენტი.

2024 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.3 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.0 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი). 2024 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი 
  • საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი 
  • მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 34.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.4 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3 პროცენტი) და ვაჭრობა (19.0 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2024 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქ. თბილისი – 65.7 პროცენტი
  • აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი
  • იმერეთი – 6.7 პროცენტი
  • ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი 
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი 
  • კახეთი - 2.8 პროცენტი 
  • შიდა ქართლი - 2.2 პროცენტი 
  • მცხეთა-მთიანეთი - 1.7 პროცენტი 
  • სამცხე-ჯავახეთი - 1.4 პროცენტი 
  • გურია - 0.9 პროცენტი 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3

გამოგვყევით